13 დეკემბერი 2019,   17:22
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის გასაიდუმლოებული შეხვედრა - ექსპრემიერი დიპლომატებს გუნდის ნაწილისგან ფარულად შეხვდა

ბიძინა ივანიშვილის გასაიდუმლოებული შეხვედრა არაფორმალურ გარემოში - პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სასტუმრო „ვინოტელში“ დიპლომატიურ კორპუსს მამუკა ბახტაძის პრემიერად დამტკიცებიდან მეორე დღესვე შეხვდა.

სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ მედიისათვის გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ელჩებს აუხსნა გიორგი კვირიკაშვილის წასვლის და ახალი პრემიერის დამტკიცების მიზეზები.

ელჩებმა დღეს „კურიერს“ თავად დაუდასტურეს, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

ყოფილი პრემიერის შეხვედრას დიპლომატიურ კორპუსთან არც საგარეო საქმეთა მინისტრი და არც ახალი პრემიერი ბახტაძე ესწრებოდნენ. როგორც გაირკვა, მედიისთვის გასაიდუმლოებული შეხვედრა, ასევე დაფარული იყო „ქართული ოცნების“ წევრების დიდი ნაწილისთვის. მათ დღეს ამის შესახებ „კურიერისგან“ გაიგეს.

ვინოტელში“ პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მხოლოდ პარლამენტის საგარეო გუნდის წევრები, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა და თამარ ხულორდავა იმყოფებოდნენ.

რა ახსნა-განმარტება მიიღეს დიპლომატებმა ყოფილი პრემიერისგან უცნობია. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მხოლოდ საგარეო პოლიტიკური თემები განიხილეს.

„კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, უცხოელი ელჩების მთავარი კითხვები პრემიერის მოულოდნელ შეცვლას და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხებოდა.

საუბარი შეხვედრაზე იმ პოლიტიკური კრიზისის შესახებაც იყო, რომელიც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შემდეგ შეიქმნა.

 

 

დღის ამბები