26 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
70-საათიანი უწყვეტი რეიდები ესპანეთში - პოლიციამ სომხურ-ქართული დაჯგუფების 129 კრიმინალური ავტორიტეტი აიყვანა

ესპანეთის 73 ქალაქში 70-საათიანი უწყვეტი რეიდების შემდეგ პოლიციამ სომხურ-ქართული დაჯგუფების 129 კრიმინალური ავტორიტეტი აიყვანა. დაკავებულები, ძირითადად, სომხური მაფიის წევრები არიან.

26 ივნისის ღამის სპეცოპერაციაში სახელწოდებით „კუში 2“ 800-მდე ესპანელმა სამართალდამცველმა ჩაატარა. სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დიდი ოდენობით ფული, იარაღი, ნარკოტიკები და კონტრაბანდული სიგარეტი. საქმის მასალებში წერია, რომ დაკავებულები ძარცვავდნენ სახლებს და იპარავდნენ ძვირფასეულობას.

დაკავებულებს შორის 7 კანონიერი ქურდია. ესპანელი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაჯგუფება ქართველ კანონიერ ქურდთან, კახაბერ შუშანაშვილთან არის კავშირში.

129-ვე დაკავებულს პოლიცია მკვლელობას ყაჩაღობას, ნარკოტიკების, იარაღისა და თამბაქოს კონტრაბანდას ედავება.

ესპანური მედია წერს, რომ ქართულ და სომხურ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის სერიოზული დაპირისპირება არსებობს. ორივე კლანი ესპანეთში მაფიის სათავეში მოსასვლელად იბრძვის. ამ დაპირისპირებას კი უკვე 2 კრიმინალური ავტორიტეტი ემსხვერპლა.

დაკავებულებს შორის 2 ქართველია. 47 წლის პაატა ჯაში და 44 წლის მაკა კიკაჩეიშვილი. პაატა ჯაში და მაკა კიკაჩეიშვილი რამდენიმე წელია, რაც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მათ მეზობლებს თბილისსა და რუსთავში. მათ საცხოვრებელ სახლებში კი "კურიერის" გადამღებ ჯგუფს არავინ დახვდა. 

უწყებაში ამბობენ, რომ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სპეცოპერაცია საქართველოშიც იგეგმება. თუმცა, კრიმინალური პოლიცია დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.

კრიმინალური დაჯგუფების ასაყვანად ესპანეთის პოლიცია ინტერპოლთან ერთად მტკიცებულებებს თითქმის 2 წელია აგროვებს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, 26 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაცია ნოემბრის დაკავებების გაგრძელებაა, რა დროსაც ესპანურმა პოლიციამ კახაბერ შუშანაშვილთან დაკავშირებული 30 ადამიანი დააკავა.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები