26 აპრილი 2024,   07:50
ვრცლად
ერთი დღე ნატო-ს სამიტამდე - ატლანტიკური საბჭო საქართველოს ნატო-ში გაწევრანების შანსებზე საუბრობს

ატლანტიკური საბჭო ალიანსის ლიდერებს სპეციალური წერილით მიმართავს. 14 გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი, სამხედრო და ანალიტიკოსი საკუთრ მოსაზრებებს გამოთქვამს ალიანსის მომავალთან დაკავშირებით, მათ შორის არიან გენერალი ფილიპ ბრიდლავი და ნატო-ში აშშ-ს ყოფილი ელჩი, ალექსანდრ ვერშბოუ.

მიმართვაში, რომელიც ნატო-ს სამიტის მონაწილეებს გაუგზავნეს წამყვანმა ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციებმა და ანალიტიკოსებმა, ტრანსატლანტიკური ერთიანობის და პოლიტიკური სოლიდარობის შენარჩუნების აუცილებლობა და მოვალეობის განაწილება, ასევე დემოკრატიული ღირებულებების დაცვაა ხაზგასმული.

თუმცა, ნატო-ს სამიტამდე ერთი დღით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში არა აქვთ დიდი მოლოდინი, რომ ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების თემას უპასუხებენ, მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების თემის განხილვის შესაძლებლობა სკოპიე-ათენის მოლაპარაკებებმა შექმნა.

ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი, მარკ სიმაკოვსკი, რომელიც საქართველოს საკითხებს პენტაგონში უძღვებოდა, ამბობს, რომ ალიანსი შესაძლოა, შეთანხმდეს მაკედონიის მიწვევის საკითხზე, რაც პოზიტიური მოვლენაა, თუმცა, მისი აზრით, მოკავშირეები საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებისთვის მზად არ არიან.

„ორივე ქვეყანა განიცდის რეალურ ზეწოლას, ორივე ქვეყანა განაგრძობს დიდ პროგრესს უსაფრთხოების რეფორმების კუთხით. რა თქმა უნდა, ორივეს აქვს დაბრკოლებები რუსეთის ოკუპაციის, ასევე შიდა ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თვალსაზრისით, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ გზაზე, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ სამიტი და მოკავშირეები უკრაინასა და საქართველოზე მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. ნაწილობრივ რუსეთის თემის მიზეზით, ნაწილობრივ კი ყველა იმ საკითხის გამოც, რომელიც დაკავშირებულია ვალდებულებების განაწილებასთან და შესაძლებლობებთან. მოკავშირეების უმეტესობა არ თვლის, რომ ახლა დროა საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებული ძალიან რთული ამოცანის განსახილველად. ამერიკის ადმინისტრაცია, რომელიც გაფართოების საკითხის წინამძღოლი და ლიდერი უნდა იყოს, აშკარად გაყოფილია რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის საკითხზე. როდესაც ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა, აზრები გაყოფილია იმის შესახებაც, თუ როგორ უნდა მიუდგეს შეერთებული შტატები ალიანსის გაფართოების საკითხს,“ - განაცხადა მარკ სიმაკოვსკიმ.

სიმაკოვსკი აცხადებს, რომ ნატოს გაფართოებაზე ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებს შორის განსხვავებები ისედაც არსებობდა და ტრანსატლანტიკურ ერთიანობაში არსებული ნებისმიერი დაბრკოლება შეთანხმების მიღწევას კიდევ უფრო ართულებს.

„ჩემი აზრით, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჰელსინკიში გააკეთებს განცხადებებს რუსეთის დიდ რვიანში დაბრუნებისა და ყირიმის შესახებ, ეს ეწინააღმდეგება ამერიკულ და ევროპულ ტრადიციულ შეხედულებას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით და დიდ რვიანში რუსეთის როლზე, მისი ვალდებულებების შეუსრულებლად. დიახ, სამწუხაროდ, განსხვავებები, რომლებიც იზრდება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, გაფართოებასთან დაკავშირებით კონსენსუსს უფრო ართულებს. მე რომ თბილისში ან კიევში ვიყო, ძალიან შეწუხებული ვიქნებოდი ტრანსატლანტიკური საზოგადოების მდგომარეობით. თუ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ზარალდება, ეს აზარალებს ამ ქვეყნებსაც და სარგებელს აძლევს პრეზიდენტ პუტინს და მის გეგმას. სწორედ ის ცდილობს ალიანსის გაყოფას არა მხოლოდ გაფართოებაზე, მთელ რიგ სხვა ფუნდამენტურ საკითხებშიც,“-განაცხადა მარკ სიმაკოვსკიმ.

დღის ამბები