23 ოქტომბერი 2019,   05:29
ვრცლად
მეუფე იაკობი მიანიშნებს, რომ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, დავრჩები თუ არა პატიმრობაში - დეკანოზი გიორგი მამალაძე

პატიმრობაში მყოფი დეკანოზი, რომელსაც 7-წლიანი პატიმრობა ელის, თუკი პრეზიდენტი არ შეიწყალებს, აცხადებს, რომ მას თავისუფლების სანაცვლოდ გარიგებას კონკრეტული პირები სთავაზობდნენ.

დეკანოზის თქმით, თუ ის ამ გარიგებას დასთანხმდებოდა, საპატიმროს დაატოვებინებდნენ, თუმცა, მას ქვეყანა უნდა დაეტოვებინა და არაფერზე ესაუბრა.

მამა გიორგი მამალაძე ამბობს, რომ მეუფე იაკობის განცხადებებით მან მხოლოდ ერთი რამ გაიგო, რომ სწორედ ქორეპისკოპოსზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა პატიმრობაში, ან რამდენ ხანს დარჩება.

თუმცა, დეკანოზი იმასაც ამბობს, რომ მეუფე იაკობი მის საქმეზე გავლენას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. 

"რაც შეეხება მეუფე იაკობის განცხადებას, ოდნავ მოაზროვნე ადამიანიც კი დაინახავს, რომ მეუფე იაკობის განცხადებები ცალსახად მიანიშნებს იმას, რომ ამ საკითხში ჩემი პატიმრობა თუ არაპატიმრობა მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მეუფე იაკობის გუშინდელი განცხადება ნაწილობრივ მიანიშნებდა იმას, რომ ის შეშინებულია და მას არ სურს, რომ მე თავისუფლებაზე გამოვიდე.

"თქვენი ეთერით, თუ არ ვცდები, ვაშინგტონიდან ჩართვისას, მან განაცხადა, რომ ის თანახმაა, მოხდეს ჩემი შეწყალება პრეზიდენტის მიერ, მაგრამ მე არ უნდა ვისაუბრო. უფრო მეტსაც გეტყვით, იყო შემოთავაზება რამდენიმე ხნის წინ, რომ მე გამათავისუფლებდნენ, იქნებოდა ეს შეწყალება თუ სხვა, მოხდებოდა ჩემი საპყრობილიდან გათავისუფლება იმის სანაცვლოდ, რომ შემენარჩუნებინა დუმილი და დამეტოვებინა ქვეყანა," - ამბობს დაკავებული დეკანოზი.

დღის ამბები