26 აპრილი 2024,   06:28
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის ასარჩევად კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გრძელდება. მარგველაშვილის მრჩევლები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრაზე იმ კრიტერიუმებზე იმსჯელებენ, რომელსაც მომავალი თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, დღეს ხვდებიან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც წლებია საქართველოში მუშაობენ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მიმართულებით.

ანა ნაცვლიშვილი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის დანიშვნასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების გაკეთება მოსთხოვა.

ნაცვლიშვილის თქმით, თეა წულუკიანის განცხადებები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ძირითადი თემიდან აქცენტი სხვა საკითხზე გადაიტანოს.

„ის კომენტარი, რომელიც გუშინ გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, ნათელია, რომ მიზნად ისახავს მხოლოდ ერთ რამეს, გადაიტანოს აქცენტი მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ლეგიტიმური პროცესიდან, სხვა საკითხებზე და ამგვარად შეაფერხოს ის ინკლუზიური, ფართო, გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კანდიდატურის შერჩევის მიზნით. ჩვენ მას ამ პოლემიკაში არ შევყვებით, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, პოლემიკურ რეჟიმში გაგრძელდეს ეს ყველაფერი,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატს სექტემბრის ბოლომდე შეარჩევენ, თუმცა, მმართველი გუნდის გადასაწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატს.

თუ პარლამენტი არ დაუჭერს მხარს, მაშინ პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დანიშნავს არა ქვეყნის პირველი პირი, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

დღის ამბები