19 სექტემბერი 2018,   21:40
ვრცლად
სტიქიის გამო, კახეთის რამდენიმე სოფელში წელს რთველი აღარ იქნება - გლეხები სახელმწიფოსგან კომპენსაციას ვერ მიიღებენ

სტიქიის გამო, კახეთის რამდენიმე სოფელში წელს რთველი აღარ იქნება. გლეხების ნაწილი, რომელთა მოსავალი სეტყვამ მთლიანად გაანადგურა, სახელმწიფოსგან კომპენსაციას ვერ მიიღებს. ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. დაზარალებულების მოთხოვნა საგანგებო შტაბში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

ხელისუფლება ფერმერებისთვის კომპენსაციის გაცემაზე უარს ამბობს. ზარალი მხოლოდ იმ ფერმერებს აუნაზღაურდებათ, რომლებსაც მოსავალი აგროდაზღვევით აქვთ დაზღვეული. სანაცვლოდ საგანგებო შტაბის წარმომადგენლები დაზარალებულებს სთავაზობენ, რომ უშუამდგომლებენ ღვინის ქარხნებთან, რომ დაზიანებული ყურძენი ნაკლებ ფასად ახლავე ჩაიბარონ.

ზარალის ანაზღაურება ადგილობრივებმა საგანგებო შტაბის შეკრებამდე საპროტესტო აქციაზე მოითხოვეს, რომელიც სოფელ ქისტაურში გამართეს. დაზარალებულები საბანკო კრედიტების გადავადებასაც ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე საავტომობილო გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

საბანკო კრედიტების პროცენტის შემცირება იყო ერთ-ერთი მთავრი მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდანაც. „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმღვანელი სტიქიისგან დაზარალებულებთან მივიდა.

სტიქია ახმეტაში გუშინ საღამოს დაიწყო. ძლიერმა სეტყვამ ოთხ სოფელში - ახშანში, მატანში, ქისტაურსა და ხორხელში ვენახი, თითქმის, მთლიანად გაანადგურა. განადგურებულია საზამთრო და სხვა კულტურებიც. სტიქიამ ახმეტაში საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. სეტყვას თან ქარი და წვიმაც დაერთო, რამაც სახლებს სახურავები გადახადა. სოფელ მატანში სახლის ნაწილი ჩამოინგრა.

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტთან ერთად თელავიც დააზარალა. სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რამაც თელავის ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დატბორა. წყალი შევარდა იუსტიციის სახლის სარდაფში. იქ წყლის დონე 10 სანტიმეტრამდე იყო.

ავტორი: ია გულიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები