26 აპრილი 2024,   07:51
ვრცლად
11 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს საგამოძიებო კომისიის დასკვნის გაზიარებისკენ მოუწოდებს

11 არასამთავრობო ორგანიზაცია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას აფასებს.

მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისიის დასკვნა პასუხობს დასახულ მიზანს და მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, გაიზიაროს რეკომენდაციები, რომლითაც ხელისუფლებას კომისიამ მიმართა.

წინააღმდეგ შემთხევაში, რჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის 95 წევრის მიერ მხარდაჭერილი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება ემსახურებოდა მოკლულის მამის - ზაზა სარალიძის, პროტესტით საზოგადოებაში გაჩენილი მუხტის ჩაქრობას და არ იყო ორიენტირებული რეალურ შედეგზე.

არასამთავრობოების განცხადებას, დღეს კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე გამოეხმაურა.

„ამ განცხადებაში, ისინი მოუწოდებენ მთავრობას, რომ რეკომენდაციები, რომელიც არის დასკვნაში, იყოს გაზიარებული. ისინი აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო კომისიამ ის მანდატი, რომელიც ჰქონდა, შეასრულა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება ჩვენთვის. მე მინდა, ერთის მხრივ, მათ მადლობა გადავუხადო და მეორეს მხრივ, აღვნიშნო, რომ მთავრობისთვის ახლა არის მართლაც სიმართლის ჟამი. მათ უნდა გადაწყვიტონ, ისინი მორიგჯერ მიდიან მთელი საზოგადოების წინააღმდეგ, შვილმოკლული მშობლების წინააღმდეგ, თუ აპირებენ რომ ამ ამბავს მოჰფინონ ნათელი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად გახსნილი.

"ჩვენ უმრავლესობაც მივეცით ოპოზიციას ამ კომისიაში, ვინაიდან მიგვაჩნდა, რომ არაფერი ამ საქმეში დასამალი არ იყო და როგორც ნახეთ, უკვე კომისიამ საბოლოო შედეგის თვალსაზრისით, ზუსტად დაადასტურა ის, რომ ხელისუფლების ჩარევა მართლმსაჯულების წინააღმდეგ არ ხდება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები