19 დეკემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ჩვენი შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს - კობახიძე Edison Research-ის კვლევის შედეგებს არ ენდობა

„ასეთი კვლევები ჩვენ მუდმივად გვახსოვს არჩევნებიდან, თუმცა ასევე გვახსოვს არჩევნების შედეგებიც ყოველთვის,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე Edison Research-ის კვლევის შედეგებს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩაატარა.

ირაკლი კობახიძე Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს არ ენდობა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ შიდა კვლევა აქვს, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„მე შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა კვლევა და ამ შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ამოცანა არის ჩვენთვის რა - „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე კანდიდატმა ერთად აიღო 27% 2017 წლის არჩევნებში, მანამდე 27% აიღო „ნაცმოძრაობამ“ 2016 წლის არჩევნებში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ 27%-ს  არ გასცდეს „ნაციონალური მოძრაობა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა. ჩვენ ჩვენს შიდა კვლევებს არ ვასაჯაროებთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Edison Research-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. ამავე კვლევის თანახმად, საარჩევნო მარათონში ოპოზიციური კანდიდატები ლიდერობენ და ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ სამეულში ხვდება.

მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

 

 

დღის ამბები