17 ნოემბერი 2019,   06:25
ვრცლად
"ზაზა ოქუაშვილს კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის... მას აქვს თავისი სუბიექტური ინტერესი" - ირაკლი კობახიძე

"ზაზა ოქუაშვილს საკუთარი ინტერესები ამოძრავებს," - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

არჩევანში საუბრისას ირაკლი კობახიძე ომეგა ჯგუფის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს ბიზნესზე არავითარი ზეწოლა არ ხდება. მან პარალელი გაავლო იმ დროსთან, როდესაც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა იყო და აღნიშნა, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს იყო სისტემური ეს პრობლემა, რადგან მაშინდელმა ხელისუფლებამ "ქურდის ინსტიტუტის ნაციონალიზაცია მოახდინა".

„ჩვენ როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ ზეწოლაზე, საუბარია პოლიტიკურ ზეწოლაზე. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გამორიცხავს კონკრეტულ დანაშაულს, როცა ერთი ადამიანი ახორციელებს მეორეზე ზეწოლას, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლა სწორედ ამას გულისხმობს, რომ არ არის აქ ჩარეული პოლიტიკური ელემენტი. ამაზე ვაგებთ დღეს ჩვენ პასუხს. გამორიცხულია საუბარია რაიმე სისტემურ პრობლემაზე ამ კუთხით, ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს ბიზნესის რეკეტი, ქურდის  ინსიტიტუტი, რომელიც სახელმწიფომ თავის თავზე აიღო. დღეს არის სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული. საქართველოში არის უამრავი ბიზნესმენი და აქ რომ იყოს რაიმე პრობლემა, სისტემური კუთხით, ამაზე ეცოდინებოდა მთელს საქართველოს. არავითარი პრეცედენტები არ არსებეობს, ამის გარდა, ერთი შემთხვევისა, ეს არის ოქუაშვილის შემთხვევა, რომელსაც აქვს თავისი  სუბიექტური ინტერესი, ძალიან გამოკვეთილი ინტერესი - მას აქვს 50 მილიონი დავალიანება ხალხის წინაშე. ეს არის ჩვენი ფული, ეს არის მოსახლეობის ფული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითვაზე, რატომ ხდება ნებისმიერ საკითხზე გასული „9 წლით“ აპელირება, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ თემაზე მუდმივ რეჟიმში უნდა იყოს საუბარი, რომ საზოგადოებას არ დაავიწყდეს, რა ხდებოდა მაშინ.

 „2012 წლამდე იყო კატასტროფა და დღეს არის კარგი ვითარება. იმას კი არ ვამბობთ, რომ იმაზე უკეთესი ვართ, ბევრად მეტი ვართ. დღეს გვაქვს ყველა მიმართულებით ჯანსაღი ვითარება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნაციონალური მოძრაობა საქართველოში აღარ გამეორდეს. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ქართული ოცნების  მხარდაჭერილი კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს დაამარცხებს.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონკურენტებს შესთავაზა, რომ წარემართათ ევროპული სტილის კამპანია, თუმცა, ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს შავი პიარის გამოყენებით ომს და ამის ნაწილია ომეგა ჯგუფის საქმეც.

 „ამ კამპანიის ნაწილია ომეგას საქმე. მე პოლიტიკურ ზეწოლას ბიზნესზე მთლიანად გამოვრიცხავ. არის ბიზნესმენი ოქუაშვილი, რომელიც ამბობს რას? - ერთი, ის ამბობს, რომ კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის წლების განმავლობაში. ეს არის ის ბიზნესმენი, რომელსაც ნაცმოძრაობამ წაართვა ბიზნესი. ქვეყნიდან იძულებულ იყო, გაქცეულიყო და რა გააკეთა ქართული ოცნების ხელისუფლებამ. ოქუაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაიბრუნა ბიზნესი და ტელევიზია და მისთვის არავის არაფერი მოუთხოვია. მთელი ამ წლების განმავლობაში მას კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის. მეორე - თავად ამბობს, რომ მას 11-ჯერ გადაუვადეს დავალიანება. ამ შემთხვევაში დასკვნა არის უტყუარი. თუ შენ ფული არავისთვის გადაუხდია და 11-ჯერ გადაუვადეს ვალი. გამოდის, რომ იქით გქონია ზეწოლა სახელმწიფოზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ომეგა ჯგუფის საქმეზე გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი ავთენტურობა ესაბამისმა ორგანოებმა უნდა დააზუსტონ.

ირაკლი კობახიძე ყიფიანის საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ოცნებას ბევრი ყოფილი მინისტრი ჰყოლია და მათ შორის არის ყიფიანიც, რომელსაც ამჟამად მმართველ გუნდთან კავშირი არა აქვს.  

დღის ამბები