26 აპრილი 2024,   07:52
ვრცლად
შავი პიარი არჩევნების წინ - ოპოზიციის მტკიცებით, სუს-ი დამონტაჟებული სატელეფონო საუბრების გავრცელებას გეგმავს 

საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ოპოზიციის ინფორმაციით, „ქართლი ოცნება“ მისთვის ჩვეულ ხერხს გამოიყენებს და ინტერნეტში ოპოზიციის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებს განათავსებს. სუს-ის ინფორმირებულმა თანამშრომელმა, ოპოზიციის მტკიცებით, მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ინტერნეტ სივრცეში მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციის ლიდერების საუბრის განთავსება იგეგმება. უკანონო ფარული მოსმენების დროს, მოპოვებული აუდიო ფაილებით ახლა გამოგონილი დიალოგები მონტაჟდება და ის არჩევნების წინ გამოქვეყნდება.

ხელისუფლების მიერ ყალბი ფარული სატელეფონო საუბრების მომზადების შესახებ ინფორმაციას ფლობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორიც. ნიკა გვარამია ჩანაწერებით შანტაჟის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, როდესაც ჯერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო პროცესების პარალელურად, მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით აშანტაჟებდნენ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი მისი და მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული საუბრის ჩანაწერი გაავრცელეს. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, ყველა ჩანაწერის გასაჯაროებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ოპონენტებს ასეთი მეთოდებით არ ებრძვის. თუმცა თეა წულუკიანს დაავიწყდა ახლო წარსული და 2016 წელი, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე უკრაინული WikiLeaks -ის სახელით ფარული ჩანაწერები სერიებად საჯაროვდებოდა.

ყალბი ფარული ჩანაწერების გავრცელების მორიგი შემთხვევა გასაკვირი არ იქნება სამოქალაქო სექტორისთვის. 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი მთავრობა საქართველოს ისტორიაში, რომელის მმართველობის დროსაც, სხვადასხვა მაღალი რანგის პოლიტიკური პირის და ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გასაჯაროვდა. ყველა ამ საქმეზე გამოძიება მაშინვე დაიწყო, თუმცა არც ერთი ადამიანი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე არ გამოუვლენიათ და არც დაუკავებიათ.

პირადი ცხოვრების მასალების გასაჯაროებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ემუქრებოდნენ, თინა ხიდაშელსაც, თუმცა ხელისუფლებას არც ეს საქმე არ გამოუძიებია. მაშინ, როდესაც ხიდაშელს აშანტაჟებდნენ ის ჯერ კიდევ თავდაცვის მოქმედი მინისტრი იყო და მაშინვე ამბობდა რომ სუს-მა იცოდა ვინ იდგა მორალური ტერაქტების სერიის უკან, თუმცა მათ ხელს აფარებდა. 

ოპოზიცის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სუს-ი ისევ ემზადება და "ოცნება" ნაცნობი ხელწერით და გამოგონილი ფარული სატელეფონო ჩანაწერებით შტურმს ისევ ოპონენტებზე მიიტანს.

დღის ამბები