26 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
ცესკო 28 ოქტომბერს არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნას გამოთქვამს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 28 ოქტომბერს არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების შუალედური ანგარიში ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნო.

დოკუმენტის მიხედვით, სულ 18 საჩივარი განიხილეს, აქედან რამდენიმე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც ეხებოდა. მათ შორის, სოციალური ქსელით "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალის განთავსებას.

„ამ არჩევნებზე განსაკუთრებულად გამოიკვეთა ცესკო-ში ისეთი ტიპის პრეტენზიების შემოსვლა, რომელიც სოციალურ ქსელებში უკავშირდება სააგიტაციო მასალების პირად გვერდებზე გაზიარებას. ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირი რეგულაციები კანონში არ არის, თუმცა, ჩვენ ვიკვლევთ ამ საკითხებს, ხომ არ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით უფრო არის საჩივრების ტენდენცია,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე დარღვევასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს მიმართავს.

„ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევებში, რომლებზეც ჩვენ ვდაობდით, ადგილი ჰქონდა როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს, ასევე უკანონო აგიტაციის ნიშნები იკვეთებოდა. რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილებებს, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მეტი დასაბუთებულობა,“ - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

დღის ამბები