26 აპრილი 2024,   06:47
ვრცლად
არც ერთი წევრი, რომელიც აქამდე გვერდით დაუყენებია უგულავას, „ოცნების“ მოქმედი წევრები არ არიან - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წევრების მიერ პარტიის დატოვებას და „ევროპულ საქართველოში“ გადასვლას მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.

დღეს გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ოცნებიდან" მათ რიგებში 8 ადამიანი გადავიდა, მათ შორის, ერთ-ერთი წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე შვანგირაძე.

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე. ის ამბობს, რომ არ იცის, ვინ არის კონსტანტინე შვანგირაძე.

მდინარაძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები მათ შეუერთდნენ.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიგი უგულავას გვერდით დღევანდელ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იდგნენ და არა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები.

„არც ერთი ის წევრი, რომელიც აქამდე გვერდით დაუყენებია უგულავას, „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრები არ არიან. უფრო მეტიც, დღეს იცით, რა გააკეთა? გვერდით დაიყენა მათი პარტიის ახალგაზრდული ფრთხის წარმომადგენლები, რომლებიც 2017 წლის არჩევნებშიც მათ ახალგაზრდულში იყვნენ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რამდენიმე დღის წინ ასეთივე ფაქტი მოხდა ოზურგეთშიც, თუმცა მაშინ მამუკა მდინარაძემ გიგი უგულავა სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ადამიანები რომლებიც „ევროპულ საქართველოში“ გაერთიანდნენ, არ ყოფილან „ქართული ოცნების“ წევრები. 

დღის ამბები