26 აპრილი 2024,   15:24
ვრცლად
ბიზნესმენ დეკანოიძის შვილის გატაცებაში ბრალდებული 10 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს გაიმართება

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის, გიორგი დეკანოიძის, გატაცებაში ბრალდებული 10 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

ცნობილია, რომ პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ათივე პირს ბრალი გუშინ გვიან ღამით წაუყენეს.

გუშინ შსს-მ განაცხადა, რომ თბილისის პოლიციისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს,"- ნათქვამია განცხადებაში. 

 

დღის ამბები