26 აპრილი 2024,   04:51
ვრცლად
ფარცხალაძე-ყიფიანის ჩხუბი, ჩანაწერები, მოზარდების მკვლელობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები - ივანიშვილის გზავნილები სკანდალურ თემებზე

ბოლო დროის ყველაზე ხმაურიან თემებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი აზრს არ იცვლის. ვრცელი ინტერვიუს დროს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღიარა, რომ ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ სცემა. თუმცა ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს სპორტის ყოფილი მინისტრზე სარდაფში არ უძალადია და არც გაუუპატიურებია. ჩხუბი ივანიშვილისთვის საკმარისი არ არის, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი პასუხისგებაში მისცეს.

ორსაათიანი ინტერვიუს დიდი ნაწილი ივანიშვილმა "ომეგა ჯგუფისა" და მირზა სუბელიანის საქმეების ფარულ ჩანაწერებზე საუბარს დაუთმო. ყოფილი პრემიერი ციხის საკნის ჩანაწერების გამო აღშფოთებას ვერ მალავდა, თუმცა მირზა სუბელიანის მიერ დასახლებულ სკანდალური ფაქტებზე ივანიშვილმა, თითქმის არ ილაპარაკა.

მისი თქმით, გლდანის ციხის სამსაათიანი ჩანაწერი სრულად მოისმინა, თუმცა მისი ყურადღება არც მოწმეების გატაცების, არც წამებისა და არც შეკერილ საქმეებს არ მიუქცევია. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მირზა სუბელიანის ჯადოებსა და გარდაცვლილებზე საუბარმა დააფიქრა.

ხორავას ქუჩის ბნელ ფარდულში მოკლული დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით ივანიშვილის კითხვები არ აქვს. ყოფილი პრემიერი საზოგადოებას ურჩევს, სასამართლოს საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილებას დაელოდონ. ივანიშვილის აზრით, სარალიძის საქმეზე სახელმწიფოს დანაშაული არ ჩაუდენია.

ჟურნალისტმა ივანიშვილს კითხვა 2016 წელს გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაუსვა, თუმცა ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ ეს ფაქტები არ ახსოვს.  

ივანიშვილის განცხადებებს დღეს შეფასებები მოჰყვა. ანალიტიკოსების აზრით, ყოფილი პრემიერი, როგორც ლიდერი დასრულებულია და ახლა ძალისმიერად ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

ივანიშვილის გზავნილებში საგანგაშო სიგნალების დაინახა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. პოლიტიკურ საკითხებში გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა მისი განცხადებებით არაერთ უკანონობას მწვანე შუქი აუნთო.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციას დღეს მხოლოდ მმართველი გუნდის წევრები იზიარებდნენ. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები