02 მაისი 2024,   01:37
ვრცლად
„ქართული ოცნება“ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა“ - პარტიის ოფისში შეხვედრას ივანიშვილი ესწრება

მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ინტენსიურ კონსულტაციებს დილიდან მართავს. სახელისუფლებო პარტიის უმაღლეს პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან საგანგებო შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ესწრება. კონსულტაციებში მონაწილეობას იღებდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი.

„კურიერის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ სტრატეგიაზე მსჯელობს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მმართველმა გუნდმა არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მმართველი პარტია შტაბური მუშაობის გაორმაგებულ რეჟიმზე გადავიდა.

„ქართული ოცნება“ შტაბური მუშაობის აქტიურ რეჟიმში გადავიდა, როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. მოგეხსენებათ, რომ შტაბს უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ხოლო დედაქალაქში - თბილისის მერი, პარტიის გენერალური მდივანი, შესაბამისად, მთლიანად დეპუტაცია, საკრებულოს წევრები, აქტივი მობილიზებულია იმისთვის, რომ გადაიდგას კარდინალური ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველომ, ქართველმა ხალხმა, ჩვენმა მხარდამჭერებმა მიიღონ ის რეზულტატი, რისი ღირსნიც არიან და რისი ღირსიც არის ჩვენი ქვეყანა. ვმუშაობდით ადამიანებთან აქტიურად, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს ფორსირება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამ პოზიტიური აქტივობების, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ შტაბური მუშაობის გაორმაგებულ რეჟიმზე გადავიდა,“- განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ოდიშარიამ.

დეპუტატების თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურისთვის მოსახლეობას დაარწმუნებს, რომ გადაუჭრელი პრობლემები მოგვარდება.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეორე ტურისთვის დავაჯეროთ მოსახლეობა, რომ ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებს, მათთვის მნიშვნელოვანია, თუკი ამდენი ხნის განმავლობაში ის ხმა ვერ მოაწვდინეს ჩვენამდე და გადაუჭრელია გარკვეული საკითხები, ასეთი საკითხები აუცილებლად გადაწყდება და გადაიჭრება მომავალში,“- განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრმა, სულხან მახათაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პოლიტიკური ოპონენტებიც გააკრიტიკეს.

„მათი მთავარი მესიჯბოქსი არის ის, რომ საზოგადოებას უთხრან, რომ ოღონდ ხმა მოგვეცით, ოღონდ აირჩიეთ გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ ვიჯდებით სულ ციხეში,“- განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, ცოტნე ზურაბიანმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები