15 დეკემბერი 2018,   07:22
ვრცლად
პასუხისმგებლობა დამოკიდებულია მათ პოლიტიკურ ერთგულებაზე ივანიშვილის და „ოცნებისადმი“ - ირაკლი აბესაძე ხაინდრავას ვალზე საუბრობს

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ირაკლი აბესაძე რეჟისორ გოგა ხაინდრავას ბიუჯეტის მიმართ არსებულ ვალთან დაკავშირებით საუბრობს.

აბესაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი იდეოლოგი ვალს არ დააბრუნებს, რადგან ის ივანიშვილთან დაახლოებული პირია.

ირაკლი აბესაძის თქმით, ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, თუმცა, ამის მიუხედავად, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მდიდრდებიან.

„მათი პასუხისმგებლობა დამოკიდებულია მათ პოლიტიკურ ერთგულებაზე ივანიშვილის და „ქართული ოცნებისადმი“ და სწორედ ასეთი კრიმინალური აზროვნების ადამიანებით ცდილობს „ქართული ოცნება“ დღეს არჩევნების მოგებას, სწორედ ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებული ადამიანები ცდილობენ შეინარჩუნონ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ და გააგრძელონ მსგავსად საქმიანობა.

„რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დამთავრება პირდაპირ ნიშნავს სახელმწიფოში იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც თითოეულ ოჯახს აწუხებს, როდესაც ბიუჯეტის ხარჯზე მილიონობით ლარით გამდიდრებული ჩინოვნიკების თუ ყოფილი ჩინოვნიკების გვერდით, ჩვენ ვხედავთ გაღარიბებულ პენსიონერებს, გაღარიბებულ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, რომლისთვისაც შემწეობის გასაზრდელად თანხებს მთავრობა ვერ პოულობს,“ - განაცხადა აბესაძემ.

საქმე ეხება ხაინდრავას კომპანიისთვის, „მიწადმოქმედთა ერთობისთვის“ 2014 წელს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 34 937 ლარად ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი მიწის გადაცემას. ხაინდრავა ვალდებული იყო, თეთრიწყაროში 350 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, შეეძინა 150 ძროხა, მოეშენებინა ფუტკარი, აშენებინა სათბური და დაესაქმებინა ხალხი, თუმცა, ეს ვალდებულებები მას არ შეუსრულებია.

ხაინდრავას ბიუჯეტის წინაშე უკვე სამ მილიონზე მეტი დავალიანება აქვს. ფულს არ იხდის და „კურიერის“ ინფორმაციით, ხელისუფლებისგან დავალიანების ჩამოწერას ითხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები