26 აპრილი 2024,   16:28
ვრცლად
პოლიტიკური თვითმკვლელობა - მოსამართლე ნონა წოწორია ზურაბიშვილის და უმრავლესობის მიერ აგვისტოს ომზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებს

"ომი დაიწყო საქართველომ" და "სააკაშვილმა მძინარე ცხინვალი დაბომბა," ეს განცხადებები შეიძლება საქართველოს საკმაოდ ძვირი დაუჯდეს - ამის შესახებ განცხადება მოსამართლე ნონა წოწორიამ გააკეთა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა, როგორც ეროვნული მოსამართლე სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში. ნონა წოწორია ამბობს, რომ მსგავს განცხადებებს რუსეთი ჰააგას სასამართლოში აქტიურად გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ. მოსამართლე მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებებისთვის ყველა პოლიტიკოსმა პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. მისივე თქმით ეს განცხადებები როგორც სალომე ზურაბიშვილისთვის, ასევე სხვა მარალი თანამდებობის პირებისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.

„იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ძალიან დიდი და სამართლებრივი  ბრძოლა რომელიც საქართველოს მოუწევს, ამიტომ არის საჭირო გააცნობიერონ  პოლიტიკოსებმა ის ფაქტი, რომ ასე წამოსროლილად სიტყვების გამოყენება ძალიან ძვირად შეიძლება ქვეყანას დაუჯდეს. პოლიტიკოსები, რომლებიც ამ საკითხებით მანიპულირებენ  თუ ამ საკითხებს იყენებენ საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გასამყარებლად, მათ უნდა იცოდნენ რომ ეს იმდენად სახიფათოა  ქვეყნისთვის, რომ მათ უნდა დაუჯდეთ პოლიტიკური ფასი. ეს უნდა იცოდნენ რომ არის ფაქტობრივად  პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი. თუ არ ვიმუშავეთ კარგად ჰააგაში და მე შეშფოთებით ვადევნებ თვალ-ყურს იმ განცხადებებს, რომელიც ახლა ჰააგაში მიმდინარე პროცესს ეხება, არავინ არ იცის იქ რა განაჩენი შეიძლება დადგეს. იქ ფაქტების როგორ შეიძლება აისახოს. შესაბამისად თუ კარგად იქ არ ვიმუშავეთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამ ფაქტების ასახვამ ჰააგის სასამართლოში, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება არ იყოს სასარგებლო, შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ცვლილებები ასევე სტრასბურგის სასამართლოსთვისაც,“-განაცხადა ნონა წოწორიამ. 

დღის ამბები