26 აპრილი 2024,   15:11
ვრცლად
პოლიციამ ორი კვირის განმავლობაში შვიდი ნარკორეალიზატორი დააკავა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, გარდაბანში, კასპისა  და მარნეულის რაიონებში  7 ნარკორეალიზატორია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვლადიმერ ბორცვაძე სპეციალურ ბრიფინგზე ავრცელებს.

პოლიციამ დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა რამდენჯერმე განახორციელა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას.

7-ვე დაკავებული ნარკორეალიზატორის მიმართ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს. დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

„სამინისტროს თანამშრომლების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო ორი კვირის განმავლობაშ, თბილისში ფონიჭალის დასახლებაში, გარდაბანშ, კასპისა და მარნეულის რაიონში დაკავებუია შვიდი ნარკორეალიზატორი. პოლიციამ დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 13 შეკვრად დაფასოებული ნივთიერება ჰეროინი ამოიღეს,“- აცხადებს ვლადიმერ ბორცვაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით, 93 ნარკორეალიზატორი დააკავა.

დღის ამბები