10 მაისი 2024,   05:28
ვრცლად
პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტის შენობა ქუთაისში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - "ოცნება" წინა ხელისუფლების არქიტექტურულ სიმბოლოებთან ბრძოლას განაგრძობს

პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტის და მთავრობის შენობები ქუთაისში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში და იუსტიციის სახლი ანაკლიაში - „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების არქიტექტურულ სიმბოლოებთან ბრძოლას განაგრძობს და ქვეყანას აზარალებს.

ათონელის ქუჩაზე დასაქმებულ ყველა მუშას კონკრეტული გეგმა აქვს, ორბელიანების სასახლე სალომე ზურაბიშვილისთვის, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომზადეს. ინტენსიური სამუშაოების მიუხედავად ჯერ არავინ იცის, ინაუგურაციის დღესვე დაკმაყოფილდება თუ არა „ქართული ოცნების“ სურვილი, რომ პრეზიდენტმა ახალ მისამართზე იმუშაოს.

16 დეკემბრიდან პრეზიდენტის მოქმედი სასახლე უფუნქციოდ დარჩება. აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის ბედს „ქართული ოცნება“ უახლოს მომავალში გადაწყვეტს.

არსებობს ოთხი ვერსია - შენობის გაყიდვას ითხოვს გედევან ფოფხაძე. ასევე, განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმიდან ავლაბრის რეზიდენციაში გადმოტანა, ოფიციალური დელეგაციების მასპინძლობისთვის სპეც სივრცის მოწყობა ან სასახლის არქიტექტურული პროექტების საგამოფენო დარბაზებად გადაკეთება.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოცნება აასრულა და საპრეზიდენტო სასახლეზე უარი თქვა.

პრეზიდენტის რეზიდენცია ზემოდან გადმოჰყურებს რიყის პარკს და თეატრის ორ შენობას, რომლის ბედიც უკვე 6 წელია გაურკვეველია. თანამედროვე დიზაინის შენობაში მუსიკისა და დრამის თეატრი და საგამოფენო სივრცეები უნდა განთავსებულიყო. თუმცა ხელისულების ცვლილების შემდეგ ამ შენობას ბოქლომი დაადეს.

ქუთაისელების დიდი პროტესტის მიუხედავად, უკვე გადაწყვეტილია პარლამენტის ბედიც. დეპუტატები მუშაობას თბილისში გააგრძელებენ. ეს შენობა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.

„ქართული ოცნების“ გემოვნებაში ვერც ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლი მოხვდა. ასევე, ხელისუფლებამ არ განახორციელა ანაკლიის განვითარების გეგმაც.

სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა ბათუმის ბულვარში მდებარე შენობასაც, რომელშიც წინა ხელისუფლების დროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო. „ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით ტექნოლოგიური უნივერსიტეტი საცხოვრებელი კორპუსად გადაკეთდა. 

დღის ამბები