22 მარტი 2019,   08:58
ვრცლად
„მთელი მსოფლიოსთვის ლეგიტიმურია" - მმართველი გუნდისთვის ზურაბიშვილთან დაკავშირებით გიორგი ლომიას გაკეთებული განცხადება გაუგებარია

მოულოდნელი და გაუგებარი - ასეთი შეფასებები მოჰყვა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის გიორგი ლომიას განცხადებას  სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, რატომ შეიცვალა ფრაქცია 
საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის დამოკიდებულება არჩეული პრეზიდენტის მიმართ და რატომ უცხადებს ის ინაუგურაციას ბოიკოტს.

მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობიდან გამომდინარე, რაც სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებზე მოიპოვა, მისი ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უშინაარსოა.  

„აბსოლუტურად ზედმეტია ლეგიტიმაციის საკითხებთან რაიმე ეჭვების გამოთქმა, გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, განსაკუთრებით მეორე ტურში მხარი დაუჭირა საზოგადოების აბსოლუტურად განსხვავებულმა სეგმენტებმა. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს თავისი მოსაზრება, რასაც უნდათ, იმას იტყვიან, მაგრამ როდესაც, დაახლოებით, 400 ათას ხმიანი განსხვავება არის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ჩვენ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს შორის, ლეგიტიმაციის საკითხებზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები მთელი მსოფლიოსთვის ლეგიტიმურია.

„მთელი მსოფლიოსთვის ლეგიტიმურია, როგორც არჩევნები, ასევე არჩეული პრეზიდენტი და რატომ არ არის გიორგი ლომიასთვის, ან მისი პარტიული ძალისთვის, ჩემთვის გაუგებარია. თანამშრომლობით არ გამოვირჩეოდით, მისასალმებელია ის, რომ პოლიტიკური განსხვავების მიუხედავად, სწორი ხედვა იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“ და არა მარტო „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან. ახლანდელი განცხადების თაობაზე ვერაფერს გეტყვით,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ არჩევნებზე მოსახლეობამ საკუთარი ნება გამოხატა, რაც სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას გულისხმობდა.

„ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვემოთ ვერ დადგება იმიტომ, რომ ეს არის სამართლებრივი საკითხი და დაკავშირებულია ამომრჩევლის ნებასთან. ამომრჩევლის ნება გამოხატულია და ეს იყო თავისუფალი ნება. მე ქალბატონ სალომეს პიროვნულად ვუჭერდი მხარს პირველ ტურშიც, მეორე ტურშიც, მე ჩემი არგუმენტაცია მაქვს, მაგრამ თუ ვიღაცამ დაუჭირა მხარი იმიტომ, რომ მისი კონკურენტი არ მოსწონდა და ამ მოტივაციით ისარგებლა, ეს ლეგიტიმაციის საკითხს არანაირად არ ეხება. ეს არის უბრალოდ მოტივაციის საკითხი არჩევნების დროს,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დეპუტატ გიორგი ლომიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ხალხისგან სრული ლეგიტიმაცია არ აქვს. მისი თქმით, ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები