13 დეკემბერი 2018,   11:29
ვრცლად
ქურდობების სერია ქვემო ქართლში - რეგიონში, ბოლო რამდენიმე თვეა, კრიმინალური ვითარება დამძიმდა  

ქვემო ქართლში, ბოლო რამდენიმე თვეა კრიმინალური ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა. იძარცვება სახლები, ბენზინგასამართი სადგურები და სხვადასხვა ობიექტები.  დამნაშავეებს საცხოვრებელი სახლებიდან ფული და ძვირფასეულობა მიაქვთ. დაზარალებულები ამბობენ, რომ პოლიცია საქმეს არ იძიებს, დამნაშავეებს არ სჯიან, ამიტომ ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტები რეგიონში ყოველდღიურად იზრდება.

გამოძიებას საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს სოფელ დაშთაფას მოლაც. ელდანიზ სადიკოვის სახლიდან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 40 ათასი ლარის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს და ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არავინაა. 

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ დამნაშავეებს თავად პოლიციის თანამშრომლები მფარველობენ. ოპოზიციის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეგნებულად მალავს დანაშაულებრივ ფაქტებს, რათა ქვეყანაში კრიმინალის ზრდის სტატისტიკა საზოგადოებამდე არ მივიდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ ყველა ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებულია. 

ავტორი: ჯეიჰუნ ნარზალოვი. 

დღის ამბები