26 აპრილი 2024,   16:27
ვრცლად
დავით კირკიტაძე დააკავეს

დაკავებულია გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დავით კირკიტაძე. კირკიტაძე ბაკურციხეში დააკავეს. ის კახეთში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად დაშავებული აქტივისტის სანახავად ჩავიდა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებმა დაშავებული მოინახულეს, შენიშნეს ავტომობილი, სადაც როგორც მოგვიანებით გაირკვა, პოლიციის წარმომადგენლები ისხდნენ.

ამის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა, მათ ავტომობილიდან დავით კირკიტაძე გადმოიყვანეს და ბრალის დადგენილება გააცნეს.

დავით კირკიტაძის სახლთან თბილისში პოლიცია დილით მივიდა. ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში პოლიტიკოსის სახლთან იდგნენ, თუმცა შემდეგ სამართალდამცველები ახსნა - განმარტების გარეშე წავიდნენ.

მოგვიანებით შს სამინისტროში განაცხადეს, რომ ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების გამო დაწყებულია გამოძიება და კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები სწორედ ამიტომ მივიდნენ.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

 

დღის ამბები