26 აპრილი 2024,   05:28
ვრცლად
„ქვეყანაში კრიმინალი მძვინვარებს" - ოპოზიცია შსს-ს და პროკურატურის მაღალჩინოსნებს შორის ჩხუბს ეხმაურება

ვანში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მაღალჩინოსნებს შორის ხელჩართული ჩხუბის ფაქტს ოპოზიცია ეხმაურება. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობს, რომ მიუღებელია, როდესაც ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა მძიმეა და ძალოვანები ურთიერთობას ერთმანეთში ჩხუბითა და ცემით არკვევენ.

„ქვეყანაში კრიმინალი მძვინვარებს, რეგიონში უმძიმესი მდგომარეობაა ამ მიმართულებით. ძალოვანები დაკავებულები იყვნენ კრიმინალთან ბრძოლით და ამ ფაქტების გახსნით, ერთმანეთთან ანგარიშსწორებით არიან დაკავებულები,“- განაცხადა გიგა შუშანიამ.

დაპირისპირება რესტორან "მასპინძელოში" მოხდა. ძალოვანი უწყებების თანამშრომლებმა ჯერ ვანის რესტორანში ერთად იქეიფეს, შემდეგ ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ, კობა დვალიშვილმა სცემა ვანისა და სამტრედიის პროკურორსა და მისი თანმხლები პირს.

ჩხუბის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ დაადასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე ჩხუბში მონაწილე ძალოვანებს უფლებამოსილება შეუჩერდათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები