26 აპრილი 2024,   16:12
ვრცლად
როგორ შეიძლება ჩაუბარებელ სახლში ცხოვრობდეს ხალხი, საქმე გვაქვს თბილისის მერიის კორუფციასთან - ელისაშვილი

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი, თბილისში, დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების დროს, 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

ელისაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საცხოვრებელი კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო და მიუხედავად ამისა, იქ არაერთი ოჯახი ცხოვრობდა. ელისაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი კორუფციაზე მიუთითებს.

„როგორ შეიძლება ექსპლუატაციის გარეშე, ჩაუბარებელ სახლში ცხოვრობდეს ხალხი. საქმე გვაქვს კორუფციასთან. სად იყო ზედამხედველობის სამსახური. ვერ დაინახეს, რომ იქ ოჯახები იყვნენ შესახლებულები. ან სად იყო ყაზტრანსგაზის უსაფრთხოების სამსახური, როგორ შესახლდა იქ ხალხი, როდესაც არ იყო შემოწმებული.

ვიღაცამ სადღაც გადაიხადა. ჩვენ გვაქვს საქმე თბილისის მერიის კორუფციასთან, რომელიც საერთოდ გაიხრწნა და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ,“-აცხადებს ელისაშვილი.

სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი კომპანია „ყაზტრანსგაზსა“ და ხელისუფლებას შორის არსებულ გარიგებებზე საუბრობს. ელისაშვილი კომპანიისთვის დავალიანების ჩამოწერის ფაქტს იხსენებს. ის ასევე ამბობს, რომ „ყაზტრანსგაზს“  ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია ფლობს, რაც კიდევ ერთხელ აძლიერებს არსებულ ეჭვებს.

„მამუკა ბახტაძემ მოაწერა ამას ხელი, 100 მილიონიანი დავალიანება თითქმის ჩამოაწერა ყაზახურ კომპანია „ყაზტრანსგაზს“ და შემდეგ ძალიან საეჭვოდ გადაიყიდა, საეჭვოდ იმდენად რამდენადაც სტრატეგიული ობიექტი, საქართველოს დედაქალაქის გაზმომმარაგებელი კომპანია გაიყიდა ოფშორში, სადღაც მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიაზე.

ეს კომპანია ვიცით, რომ არის ხვიჩა მაქაცარიასი,  ვისიც არის მაგალითად, სამარშუტო კომპანია თბილისის და ვიცით, რომ ისინი არიან ბიზნეს პარტნიორები კალაძის. მოკლედ, თბილგაზი ჯიბეში ჩაიდეს ოქტომბერში, კალაძემ და მაქაცარიამ,“-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები