26 აპრილი 2024,   06:36
ვრცლად
HRW-ის და Freedom House-ის ანგარიშებიც მიუთითებს, თუ რამდენად გაღრმავდა ის პრობლემები, რაც ქართულ დემოკრატიას შეექმნა - კიკნაველიძე

„ორივე ანგარიში მიუთითებს, რომ გაღრმავდა ის პრობლემები, რაც ქართულ დემოკრატიას შეექმნა ბოლო წლების განმავლობაში,“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე Human Rights Watch-ის ანგარიშს.

ირაკლი კიკნაველიძე საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქართული დემოკრატია საფრთხეშია.

კიკნაველიძის თქმით, Human Rights Watch-ის ანგარიშში მოხვდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები, მათ შორის, მოსყიდვის თემა.

საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე დასკვნების მიუხედავად, კიკნაველიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით აღნიშნულ დარღვევებზე თვალს ხუჭავს.

„Human Rights Watch-ის და აქამდე გამოქვეყნებული Freedom House-ის ანგარიშებიც, ორივე მიუთითებს, თუ რამდენად უფრო ცხადი გახდა და გაღრმავდა ის პრობლემები, რაც ქართულ დემოკრატიას შეექმნა ბოლო წლების განმავლობაში და ის საკითხები, რომლებზეც საერთაშორისო მეგობრები, დამკვირვებლები ხაზს უსვამენ, არის კრიტიკული მნიშვნელობის თავად ჩვენთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის. ასევე, არჩევნებზე მოსყიდვის თემა, რომელსაც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა ხაზი გაუსვა. ხელისუფლება მზად არის, რომ ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, ამ ყველაფერზე თვალი დახუჭოს,“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

საპრეზიდენტო არჩევნები Human Rights Watch-ის ანგარიშში მოხვდა. საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას ანგარიშში საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნა მოჰყავს, რომელშიც საუბარი იყო ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე.

დღის ამბები