02 მაისი 2024,   21:44
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება სპორტის სასახლეში - შსს ინციდენტში მონაწილე პირებს სასამართლო წესით გამოკითხავს

ფიზიკური დაპირისპირება სპორტის სასახლეში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა დადგენილია. შსს-ს ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე მხარეები გამოსაკითხად დაიბარეს, თუმცა, მათ ინფორმაციის ნებაყოფლობით მიწოდებაზე უარი თქვეს. სწორედ ამის გამო, მათი გამოკითხვა სასამართლო წესით მოხდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო. გამოძიებამ უკვე გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი. ასევე, დადგენილია კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა, რომლებიც გამოსაკითხად დაბარებული იქნენ პოლიციაში. ვინაიდან მათ ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე განაცხადეს უარი, მათი გამოკითხვა მოხდება სასამართლო წესით. გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ყველა ბერკეტი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

კურიერმა ექსკლუზიური კადრები მოიპოვა სპორტის სასახლიდან, სადაც ჩანს, თუ როგორ გაუსწორდა ფიზიკურად ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, ევროპის ჩემპიონს.

კადრებში ჩანს, რომ ჩოჩქოლის დროს ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, ევროპის ორგზის ჩემპიონს ჯაჭვით ხელში უახლოვდება, რომელსაც ზურა დათუნაშვილის მიმართულებით იქნევს. სპორტსმენს ჯერ ჯაჭვი, შემდეგ კი მუშტი სახეში ხვდება.  

სპორტსმენი ზურაბ დათუნაშვილი კურიერთან ინტერვიუში თავდასხმის დეტალებს აღწერს და სპორტულ სამყაროს დახმარებას სთხოვს. 

დღის ამბები