26 აპრილი 2024,   05:25
ვრცლად
გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური - საგარეო უწყება ცნობებს ლიბიაში მყოფი თურქული ხომალდის ადვოკატისგან ელის

ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბიიდან ამ დრომდე ელის. უწყებაში ამბობენ, რომ თურქული ხომალდის ადვოკატი ლიბიაში იმყოფება და ცდილობს, ვითარება ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაარკვიოს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს 23 წლის მეზღვაური დაპატიმრებულია, თუმცა ამას ოფიციალური წყაროები ლიბიიდან არ ადასტურებენ.

საქმეში ჩართულია ეგვიპტეში საქართველოს საელჩო, რომელიც ფარავს ლიბიას და ასევე, სტამბოლოს საკონსულო, ვინაიდან გემი იყო თურქული კომპანიის მფლობელობაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი იმედოვნებს, რომ დღის განმავლობაში კაიროდან დამატებით ინფორმაციას მიიღებენ.

„გემთმფლობელი კომპანიის ადვოკატი იმყოფება ლიბიაში და ცდილობს იქ დეტალების გარკვევას. გამოძიებას აწარმოებს ლიბიური მხარე. ცნობილია ის, რომ 7 იანვარს ჩვენი მეზღვაური, რომელიც მორიგეობდა გემბანზე, მეორე დღეს შემცვლელმა ის ვეღარ ნახა ანუ ფაქტიურად მოხდა მისი გაუჩინარება და დღემდე რაიმე დეტალი აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის უცნობია. ჩვენი საელჩო არის კონტაქტზე ზოგადად ლიბიურ მხარესთან, ანუ საელჩოს მეშვეობით კაიროში  და  დღის განმავლობაში ჩვენ ველოდებით დამატებით ინფორმაციას, ყოველ წუთში შეიძლება რაღაც სიახლე მივიღოთ. ამ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, შესაძლოა ეს იყოს ნაკლებად სავარაუდო იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მაშინ გემის დანარჩენი წევრები შესაბამის ჩვენებას ინფორმაციას გაავრცელებდნენ. თუმცა ვერცერთი ვერსიის გამორიცხვა ამ ეტაპზე ვერ მოხდება, სანამ გამოძიება უფრო დეტალურ ინფორმაციას არ მოგვაწვდის,“ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

თურქული გემი ამ დროისთვის ლიბიაშია დაპატიმრებული. ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე 7 იანვარს ლიბიაში გაუჩინარდა. ახლობლებს მომხდარის შესახებ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შეატყობინეს.

დავით რაზმაძის ახლობლებს მომხდარის ვერსიებზე საუბარი უჭირთ და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან დროულ გამოძიებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები