02 მაისი 2024,   04:02
ვრცლად
"ხელისუფლებამ საახალწლო სპეცოპერაციის ჩატარება ვერ მოახერხა" - მოსამართლეობის კანდიდატების თვითაცილებას ოპოზიცია აფასებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატის მიერ თვითაცილების მოთხოვნას ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები მოსამართლეთა გადაწყვეტილებას საზოგადოების აქტიურობას და ღიად დაწყებულ პროტესტს უკავშირებენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მთავრობა მოსამართლეთა ე.წ. შავი სიის დამტკიცებით სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა.

ხოშტარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე უკვე მთავარი არის ახალი კრიტერიუმების შედგენა, რის შემდეგაც წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურების საფუძვლიანად განხილვა უნდა მოხდეს.

„ყველა ჯანსაღი ადამიანის პროტესტის შედეგად ვერ მოახერხა ხელისუფლებამ საახალწლო სპეცოპერაციის ჩატარება, რომ ყველანაირი კანონდარღვევით უბრალოდ ხელში ჩაეგდო მთლიანად სასამართლო, ეს მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი მანიპულაციის საშუალება ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ და ჩვენ უნდა რეალურ პროცესში შევიდეთ, სადაც რეალურად მოხდება, ფორმალური კრიტერიუმებით კი არა, რომელსაც მათთვის სასურველ მოსამართლეებს მიუსადაგებენ, ამ სიაში იქნება თუ სხვა სიაში და მერე მოაბრუნებენ. არამედ რეალურად მოხდება აბსოლუტურად ფუნდამენტური შესწავლა ამ ადამიანების,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მოსამართლეთა თვითაცილების მოთხოვნის არ სჯერა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, რომან გოცირიძეს. დეპუტატის შეფასებით, მოსამართლეთა სიის შედგენის მსგავსად, აღნიშნული კანდიდატურების მხრიდან თვითაცილების მოთხოვნა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ იყო.

გოცირიძის თქმით, აღნიშნული სიის გაუქმების შემდეგ მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურები.

„ეს არის პირველი გამარჯვება საზოგადოების და სწორედ საზოგადოების ზეწოლის შედეგად მოხდა ის, რომ ეს სია არ იქნება განხილული. რა თქმა უნდა, თვითინიციატივას აქ გამოვრიცხავთ, როგორც დაავალეს ამ სიის შედგენა, ასევე მიიღეს დავალება ზემოდან, რომ ამ ფორმით ყოფილიყო ამ ეტაპზე ეს პრობლემა მოგვარებული, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის მეორე ეტაპი, როგორ გაიმართება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა მომავალში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ თვითაცილების მოთხოვნის  შესახებ ცნობილი დღეს გახდა. 10-ვე კანდიდატმა პარლამენტს მათი კანდიდატურების აცილების მიზნით მიმართა. 

დღის ამბები