19 მაისი 2024,   15:47
ვრცლად
4 წლის გარდაცვლილი გოგონას დედას ბრალს წარუდგენენ - ლელა ქსოვრელი დუმილის უფლებას იყენებს

4 წლის გარდაცვლილი გოგონას დედას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. ლელა ქსოვრელთან წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი უკვე შევიდა.

ლელა ქსოვრელი სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით არის დაკავებული, მას გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავება.

როგორც უფლებადამცველმა განაცხადა, ქსოვრელი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

„რაც შეეხება საქმის ფაქტობრივ გარემოებას, კომენტარს ვერ გავაკეთებ. მეზობლების განცხადებები არ არის მტკიცებულება, მტკიცებულებაა ის, რასაც მე წარმომიდგენს ბრალდების მხარე და გადმომცემს. ამ მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ გეტყვით, რა სიმძიმისაა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. რაც შეეხება ამ აჟიოტაჟს, ჩემი ღრმა რწმენით, გასაუბრებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, არც დადასტურდება ის კომენტარები, რასაც აკეთებენ,“- ამბობს ადვოკატი, ნინო ტაბატაძე.

მეზობლების ვარაუდით, 4 წლის ბავშვს სასიკვდილო დაზიანებები სწორედ დედამ მიაყენა, თუმცა დაკავებულის ახლობლები და მეუღლე ამტკიცებენ, რომ ბავშვი ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა და მასზე დედას არ უძალადია.

ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. როგორც ცნობილია, ბავშვზე ძალადობის გამო ქალს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი რამდენიმე კვირის წინ გამოუწერა. 6 იანვარს ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშიც მოხვდა, სადაც მკურნალობას ორი დღის განმავლობაში გადიოდა.

„პაციენტი მოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში 6 იანვარს, ადგილზე იყო პატრულის ეკიპაჟი. პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმული დაზიანებები მთელი სხეულის არეში, ჩაუტარდა გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც რაიმე ტიპის სერიოზული დაზიანება არ იქნა ნანახი.“- ამბობს იაშვილის კლინიკის ბავშვთა ნევროლოგი, ნინო თარხნიშვილი.

 

დღის ამბები