02 მაისი 2024,   01:29
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა იტალიაში - მხატვარი თამარ მოდებაძე ქართველმა ემიგრანტმა წამებით მოკლა

გამოჩენილი ქართველი მხატვარი იტალიაში წამებით სავარაუდოდ, ქართველმა ემიგრანტმა მოკლა. თამარ მოდებაძეს საქართველოში საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ჩამოასვენებენ.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველია, შემზარავი დანაშაულის მიზეზად კი ძარცვა სახელდება. ხელოვანი საკუთარი ნამუშევრის ყიდვისთვის ერთ-ერთ ბინაში 20 იანვარს დაიბარეს. შეხვედრის შემდეგ თამარ მოდებაძე სახლში აღარ დაბრუნებულა. სამდღიანი ძებნის შემდეგ კი სამართალდამცავებმა ნაწამები ცხედარი ნახეს.

ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები იცნობდნენ ეჭვმიტანილსაც. მკვლელობის დღეს მეზობლებმა ის იმ სახლთან ნახეს, რომელშიც პოლიციამ ცხედარი იპოვა. იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ჰყვებიან, რომ თავადაც სცადეს ეჭვმიტანილის მოძებნა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის არ არ ასაჯაროებს ინფორმაციას, სავარაუდო ეჭვმიტანილის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ.

მხატვრის გარდაცვალების შესახებ სოციალური ქსელით გაიგეს ახლობლებმა. მეგობრები ადასტურებენ, რომ თამარ მოდებაძეს საკუთარი დანაზოგი სულ თან დაჰქონდა. ხელოვანი ფულს სამშობლოში დასაბრუნებლად აგროვებდა.

მომხდარის შესახებ იტალიის სამართალდამცავმა უწყებებმა ინფორმაცია დღეს დილით მიაწოდეს საქართველოს საკონსულოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ქართველი მხატვრის ცხედარი ამ დროისთვის გადასვენებულია ექსპერტიზაზე. 

მხატვარ თამარ მოდებაძეს ევროპაში უკეთ იცნობდნენ ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. 50 წლის ხელოვანის ნამუშევრები ცნობილი იტალიელი პოეტის, დანიელა ფერაროს ინსპირაციაც იყო. პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა, რებეკა როსეტიმ კი ქართველი არტისტის სტილი ლეონარდო და ვინჩის ხედვას შეადარა.

ევროპის სახელოვნებო ბაზარზე მისი ნამუშევრების საწყისი ფასი 3000 ევროდან იწყება. თამარ მოდებაძის პერსონალურ გამოფენას ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მნიშვნელოვანი საგამოფენო სივრცეები მასპინძლობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები