19 მაისი 2024,   19:20
ვრცლად
"კრიზისული მდგომარეობაა, ძალიან გვიჭირს" - ე.წ. საზღვარი ენგურზე ისევ ჩაკეტილია

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 10 000-ობით ადამიანი ისევ იზოლაციაშია მოქცეული. ე.წ. საზღვარი ენგურზე ბოლო ერთი თვეა, გაურკვეველი მიზეზების გამო ჩაკეტეს. 10 იანვრის შემდეგ ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის საშუალებას მათ აღარ აძლევენ. პრობლემა ექმნებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც გალიდან ზუგდიდის მიმართულებით გადასვლა სურთ. 

მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, რადგან მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო ენგურს აქეთ ასაღები პენსიაა. 

ე.წ. საზღვარზე გადმოსვლის საშუალება მოქალაქეებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ეძლევათ და ხშირად ამ შემთხვევებსაც ე.წ. მესაზღვრეები ადამიანებისთვის უკანასკნელი ფულის გამოძალვისთვის იყენებენ.  

მოსახლეობის თქმით, მათ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის საშუალებას ე.წ. მესაზღვრეები მხოლოდ ორ შემთხვევაში, ფულის გადახდის და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების არსებობის შემთხვევაში აძლევენ.

ისინი კრიზისულ ვითარებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მიზეზად ოკუპირებული რეჟიმი გავრცელებულ გრიპს ასახელებს.

“ხიდი არის უბრალოდ გადაკეტილი და ძალიან კრიზისული მდგომარეობაა. ძალიან გვიჭირს. არანაირი პირობები არ გვაქვს, ყველა ლაპარაკობს კარანტინი არის გრიპზეო, მაგრამ ეს არის სრული აბსურდი. შვილებს გეფიცებით, მე იმიტომ გადმოვდივარ აქეთ, რომ ორი პატარა ანგელოზი მყავს დამარხული,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

 

დღის ამბები