17 მაისი 2024,   06:13
ვრცლად
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება - ოპოზიცია პარლამენტში თადუმაძეს და გომელაურს იბარებს

ოპოზიცია პარლამენტში მთავარ პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსების მისვლას ითხოვს.

განცხადებას საპარლამენტო უმცირესობა დღეს, პლენარულ სხდომაზე გააკეთებს. დეპუტატები ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების მხრიდან განმარტებებს ითხოვენ, რატომ არ ხდება წლების განმავლობაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ორგანიზატორების დასჯა.

„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება არ არის პირველი შემთხვევა არის არაერთი თაროზე შემოდებული საქმე, როდესაც პოლიტიკოსებს გაუვრცელეს ამგვარი კადრები, გახდნენ პოლიტიკური შანტაჟის ობიექტები და არავინა რის დასჯილი.

„ეს უკვე მიანიშნებს, რომ სერიოზული სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, შესაბამისად მთავარი პროკურორი და სუს-ის უფროსი ვალდებულები არიან პარლამენტარებს მოახსენონ საქმის ვითარება,“-აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე კი ფიქრობს, რომ ეს საკითხი საგამოძიებო უწყებების კომპეტენციაში შედის და პოლიტიკური განცხადებების საჭირო არ არის.

„მე ვფიქრობ პოლიტიკური კომენტარის საგანი ეს არ უნდა იყოს, გამოძიება მიმდინარეობს და ამაზე უნდა იყოს სამართლებრივი პასუხი პირველ რიგში,“-ამბობს არჩილ თალაკვაძე.

მივლენ თუ არა ვახტანგ გომელაური და შალვა თადუმაძე პარლამენტში ეს სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში გაირკვევა, როდესაც პროკურატურისა და სუს-ის პირველი პირები პარლამენტში მისვლაზე ოპოზიციისგან ოფიციალურ მოთხოვნას მიიღებენ.

დღის ამბები