26 აპრილი 2024,   05:22
ვრცლად
ფარული კადრების გავრცელების საქმე - შს სამინისტრომ შესაძლოა დახმარებისთვის უცხო ქვეყნებს მიმართოს

ფარული ჩანაწერების გავრცელების გამოძიების საქმეში დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაძლოა, უცხო ქვეყნებს მიმართოს. გიორგი გახარია ამბობს, რომ კიბერდანაშაული რთულად გამოსაძიებელი საქმეა და არ გამორიცხავს, რომ საქართველოში უცხოელი სპეციალისტები ჩამოიყვანოს.

გახარიას უწყებას ამ დრომდე არ დაუდგენია, ვინ გაავრცელა საჯარო სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

„ჩვენ თუ დაგვჭირდა გარკვეულ ეტაპზე, რამეთუ ეს არ არის მარტივი ტექნიკურად, ვფიქრობთ, რომ ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს დახმარება, რამეთუ კიბერდანაშაული საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი იმისთვის, რომ რა თქმა უნდა, უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველ წყაროს მივაგნოთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მთლიანად სამართალდამცავი სისტემისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არ ექნება სხვაობას გავრცელებას, პირველ წყაროს თუ შენახვას შორის. როგორც კი ჩვენ აქ დავუშვებთ კომპრომისს და გვექნება ასე ვთქვათ, განსხვავებული მიდგომები გავრცელებას, შენახვას და პირველწყაროს შორის, რა თქმა უნდა, მსგავს დანაშაულთან ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები