26 აპრილი 2024,   05:14
ვრცლად
"ორკესტრირებულია ხელისუფლების მხრიდან" - მესამე სექტორი ხაზარაძის წინააღმდეგ Facebook-შეტევას აფასებს

მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ Facebook-შეტევის ახალი ტალღის დაწყებას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მესამე სექტორის შეფასებით, ეს საშიში ტენდენციაა.

სამოქალაქო სექტორის წევრების თქმით, სოციალურ ქსელში ეს სწორედ ის გვერდებია, რომელიც არჩევნების წინ ოპოზიციის შავი პიარის და თავდასხმებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა.

არასამთავრობოების განმარტებით, ჩნდება ეჭვი, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებზე სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი პოსტების გავრცელება შესაძლოა, ორკესტრირებული იყოს ხელისუფლების მხრიდან.

„ამ პოსტებს აქვეყნებენ ის ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო პროცესში მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდასაჭერად მოქმედებდნენ და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ახდენდნენ, რაც ბადებს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი ორკესტრირებულია ხელისუფლების მხრიდან. ეს აზიანებს მთლიანად საინვესტიციო გარემოსაც იმიტომ, რომ მხოლოდ მამუკა ხაზარაძე არ დგას თიბისი ბანკის უკან და აზიანებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას,“ - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა.

მესამე სექტორის წარმომადგენლების აზრით, მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტზე შეტევის მიტანა ქვეყნისთვის საზიანოა.

„მე ეჭვი მეპარება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამზადებინებდეს ვიღაცას, Facebook-ში ავრცელებდეს, ცხადია, რომ ამის უკან ორგანიზებული ძალაა. ამიტომაც ეს ძალიან საშიშია. ასეთი სერიოზულ ფინანსურ ინსტიტუტზე შეტევის მიტანა სახიფათოა ზოგადად ქვეყნისთვის, სტაბილურობისთვის,“ - განაცხადა ფონდ ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები