26 აპრილი 2024,   16:45
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე მთავრობას რეკეტში ადანაშაულებს - TBC ბანკის დამფუძნებელი ბანკიდან მიდის 

ხელისუფლებასთან ერთთვიანი ომის შემდეგ მამუკა ხაზარაძე მთავრობას რეკეტში ადანაშაულებს და მისივე დაფუძნებული ბანკიდან მიდის. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენი ღიად ამბობს, რომ TBC-ზე თავდასხმის მიზეზი კომპანიის წარმატებული ზრდა და ამით ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანებაა. 

წერილში, რომელიც TBC-ის დამფუძნებლის რანგში ხაზარაძემ უკანასკნელად გამოაქვეყნა, ხელისუფლება, პრაქტიკულად, ბიზნესზე რეიდერულ შეტევასა და რეკეტში დაადანაშაულა. ხაზარაძე წერს, რომ დაათმობინეს ბიზნესი, რომელიც 27 წლის წინ 500 დოლარით დაიწყო და რეგიონის ყველაზე წარმატებულ საფინანსო ინსტიტუტად აქცია.

არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედებს ივანიშვილის დაწესებული ლიმიტი, ანუ ბიზნესმენებს არ შეუძლიათ იმაზე დიდი კაპიტალი დააგროვონ, ვიდრე ივანიშვილს სურს. იმაზე, რომ რეკეტს ბიზნესზე ბიძინა ივანიშვილი პირადად ახორციელებს, დღეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ფადი ასლიმ ილაპარაკა. 

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ის მუშაობას ახლა მხოლოდ ანაკლიის პორტისთვის გააგრძელებს. თუმცა, ტერორს აქაც არ გამორიცხავს. სავარაუდოდ, ხაზარაძე ივანიშვილისგან ახალ შეტევას ელოდება.

ოპოზიცია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხაზარაძეს სწორედ ლიმიტის ზემოთ წასვლა არ აპატია და ახლა ქვეყნის ყველაზე დიდი ბიზნესის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

TBC ბანკის დამფუძნებლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში დარგობრივ კომიტეტზე დაუპირისპირდებიან. უმრავლესობა შეხვედრას ელოდება და კომენტარებით ბიძინა ივანიშვილს იცავს.

ლონდონში TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება, რომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავა შეწყვიტოს. ამას მამუკა ხაზარაძე ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტირების ინტერესებიდან გამომდინარე ხსნის. 

 

დღის ამბები