26 აპრილი 2024,   07:00
ვრცლად
"მათ არ ესმით არცერთი ​შენიშვნა," - სამოქალაქო სექტორი იუსტიციის საბჭოს 11 წევრის გადადგომას ითხოვს

სამოქალაქო სექტორი სასამართლო სისტემაში არსებულ ურთულეს ვითარებასთან დაკავშირებით ელჩებს მიმართავს. ღია წერილში ნათქვამია, რომ "პირთა ვიწრო ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ყველაფერს აკეთებს არა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების, არამედ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის."  

სამოქალაქო სექტორი ერთადერთ გამოსავლად კლანის წევრების და საბჭოში მათი მხარდამჭერი 11 წევრის გადადგომასა და იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას ასახელებს და დეტალებზე სასაუბროდ დიპლომატებს პირისპირ შეხვედრას სთავაზობს.

"სამწუხაროდ მოგვიწია ისე რომ მხოლოდ გადადგომას ვითხოვთ, იმიტომ რომ სხვა ფორმით ამ ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლებელია. მათ არ ესმით არცერთი ​შენიშვნა, ისინი ფიქრობენ რომ ყველაფერი კარგად არის," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”მართლმსაჯულების განვითარების ცენტრის” თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელი და ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც სასამართლო რეფორმა ჩააგდო.

"საზოგადოება ითხოვს რეალურ ცვლილებებს მართლმსაჯულებაში და არა რეფორმის იმიტაციას, დღეს ხელისუფლება სწორედ ამ იმიტაციას გვთავაზობს. ჩვენ ასევე ვხედავთ იმასაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა დადგეს იმ კონკრეტული პირების, ვინც ფაქტიურად ჩააგდო ეს რეფორმა,"-აცხადებს უჩა ნანუაშვილი. 

დღის ამბები