26 აპრილი 2024,   04:54
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა - სამმა დეპუტატმა გუნდი დატოვა

"ქართული ოცნება" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს. პირველი ეკა ბესელია აღმოჩნდა, ვინც მისივე დაფუძნებული სახელისუფლებო პარტია პირველმა დატოვა.

უმრავლესობის რიგები ბესელიამ ხმაურით დატოვა, თუმცა პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი მას არ გაუკრიტიკებია. ბესელია არ მორიდებია მორიგ ხისტ განცხადებებს კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის დაჯგუფების მიმართ.

ბესელიასთან ერთად უმრავლესობა ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვა, გედევან ფოფხაძე კი საკუთარ გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს. 

პოლიტიკური დემარში ამით არ დასრულდება - ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს დაუანონსა, რომ უმრავლესობის სიიდან კიდევ არაერთი დეპუტატის გვარი ამოიშლება.

პოლიტიკურ ბეწვის ხიდზე დღეს უმრავლესობის კიდევ რამდენიმე წევრმა გაიარა. ისინი, ვინც გაბედა და ხმა მისცა ბესელიას კანონპროექტს, პარტიიდან გარიცხვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, თუმცა "ქართული ოცნების" ოფისში რამდენიმე საათიანი კონსულტაციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ჩარევის შედეგად პარტიის რღვევის პროცესი დროებით, ორშაბათამდე შეჩერდა.

ბესელია საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეების წინააღდეგ ბრძოლას უკვე დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს. მან დღეს რამდენჯერმე თქვა, რომ პარლამენტის გარდა, გამოიყენებს ყველა შესაძლო პოლიტიკურ ინსტრუმენტს, ქუჩის აქციების ჩათვლით.

საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა ბექა ნაცვლიშვილმაც. ნაცვლიშვილის უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში დაკარგა. უმრავლესობის უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ეს ფაქტი "ოცნებისთვის" უკვე აღარაფერს ნიშნავს, რადგან ისინი ქვეყნის მთავარი კანონის შეცვლას აღარ გეგმავენ.

დიდი პოლიტიკური გადალაგება პარლამენტს, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან ელოდება. თუ უმრავლესობიდან 7-ზე მეტი დეპუტატი გავა, „ევროპულ საქართველოს“ უმცირესობა დაეშლება. 

დღის ამბები