02 მაისი 2024,   06:50
ვრცლად
შესაძლოა, ეს იყოს რთული გარდაქმნების პერიოდი, მაგრამ „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე - თალაკვაძე

ეკა ბესელიას „ოცნებიდან“ წასვლას და ხელისუფლების ოპონირების რეჟიმში გადასვლას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ეხმაურება. მიუხედავად არსებული ვითარებისა თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, გუნდში ყოველთვის არსებობდა განსხვავებული აზრი თუმცა, ერთმანეთის შეხედულებებს ყოველთვის პატივს სცემდნენ.

„დღის წესრიგში არის რთული პოლიტიკური საკითხები, რომელსაც მმართველი პარტიის მხრიდან სჭირდება სათანადო გადაწყვეტილებების მიღება, ეს არის ამ შემთხვევაში, მეტწილად, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა და სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ განსხვავებული პოზიციები და არგუმენტები გვესმის ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით. შესაძლოა, ეს იყოს რთული გარდაქმნების პერიოდი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა საზოგადოებას და განსაკუთრებით, ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ქართული ოცნება პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ შეფასებასაც ეხმაურება, რომელიც ე.წ. ფეიკ ოპოზიციის შექმნას შეეხება.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ბესელიას და კიდევ რამდენიმე დეპუტატის წასვლით ივანიშვილმა ე.წ. ფეიკ ოპოზიცია შექმნა, რომელიც უშუალოდ მის ბრძანებებს შეასრულებს. ამის გამო ოპოზიცია „ოცნების“ ამბოხებულ დეპუტატებთან სამომავლოდ თანამშრომლობას გამორიცხავს.

არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ ამ მოსაზრებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან საზოგადოება ყველაფერს აანალიზებს და იცის, თუ რა არის ნამდვილის ოპოზიცია.

"ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. მმართველი გუნდის რიგები გასულ კვირას უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა.

მათ წასვლის განმაპირობებელ მიზეზად გუნდში რამდენიმე პრინციპულ საკითხზე შეუთანხმებლობა დაასახელეს, მათ შორის იყო ბესელიას ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას მოითხოვდა. ბექა ნაცვლიშვილმა კი უმრავლესობა საპენსიო რეფორმის ჩავარდნის გამო პარასკევს დატოვა.

დღეს გედევან ფოფხაძე გეგმავს ბრიფინგის გამართვას, სადაც ისაუბრებს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. მან ფრაქცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობა უკვე დატოვა. 

დღის ამბები