02 მაისი 2024,   02:12
ვრცლად
ზურაბიშვილის პირველი მოხსენება პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე - მე-5 პრეზიდენტმა წინამორბედი მწვავედ გააკრიტიკა

სალომე ზურაბიშვილი პირველ ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტის ნახევრად ცარიელ დარბაზში კითხულობდა. პრეზიდენტს „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი გამოუცხადეს.

სალომე ზურაბიშვილის მოხსენებაში მთავარი პოლიტიკური გზავნილი მეოთხე პრეზიდენტის კრიტიკა იყო. ზურაბიშვილმა გიორგი მარგველაშვილს შეწყალების პოლიტიკა დაუწუნა და თქვა, რომ პრეზიდენტის ყოველი შეწყალების აქტი ამნისტიას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჰუმანურ ჟესტს.

სალომე ზურაბიშვილმა დაანონსა, რომ ბევრად უფრო ნაკლებ პატიმარს შეიწყალებს, ვიდრე  მარგველაშვილი. მისი თქმით, შეწყალების კომისიის უფლებებს იუსტიციის სამინისტროს გადასცემს. იცვლება შეწყალების კომისიის შემადგენლობა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების ნაცვლად, მასში სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები შევლენ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ზურაბიშვილი პასუხიმგებლობას გაურბის და უფლებამოსილების შესრულება ეზარება.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში უჩვეულოდ მოკლე დროში დამთავრდა. პროდასავლური ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში სალომე ზურაბიშვილის მიმართვა მხოლოდ ორმა პარტიამ და მისმა ორმა წარმომადგენელმა შეაფასა.

„ქართული ოცნებიდან“ ტრიბუნასთან არჩილ თალაკვაძე და „პატრიოტთა ალიანსიდან“ ადა მარშანია მივიდა. „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომათა დარბაზში საერთოდ არ შესულა. სხდომის დაწყებამდე კი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სიტყვა ითხოვა და პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განაცხადი გააკეთა. ოპოზიციის მხრიდან დარბაზის დატოვებას პარლამენტის თავმჯდომარის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ხელისუფლების ოპონენტებმა ბოიკოტის მიზეზი სხდომათა დარბაზის გარეთ განმარტეს. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია.

სხდომათა დარბაზის შიგნით სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ხელისუფლების ყველა შტო ისმენდა. მედიის ყურადღება დარბაზის გარეთ პარლამენტის შიდა ეზომ მიიქცია. საკანონმდებლო ორგანოს შიდა ტერიტორია შავი ჯიპებით გადაივსო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები