02 მაისი 2024,   07:40
ვრცლად
"კობახიძე ბოღმისგან დაბრმავებულია და მავნებელი ბავშვივით იქცევა" - ლევან გოგიჩაიშვილი

"კობახიძე ბოღმისგან დაბრმავებულია და მავნებლურად იქცევა" - ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძეს ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციიდან გარიცხვის შესაძლებლობას მმართველი ყოფილი წევრი ასე აფასებს. 

ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უხერხულ მდგომარეობაში აგდებს კოლეგებს და ის "ქართული ოცნების თავის ტკივილად იქცა". 

„დაბრმავებული არის პირადი ანგარიშსწორებით კობახიძე. ბოღმა თუ რაც გინდა, ის დაარქვით, აწვება და უხერხულ მდგომარეობაში აგდებს უკვე კომიტეტის თავმჯდომარეებს. საპროცედურო კომიტეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა და ორჯერ უფრო მძიმე მდგომარეობაში არის ახლა საგარეო საქმეთა კომიტეტი. საერთოდ ლოგიკა არ არსებობს გადაწყვეტილებაში. თუ ადამიანს ერთი წელი ვერაფერს უშვები,  ფურცლიდან ამ ადამიანის ამოღება რა ლოგიკაში ჯდება, ხომ ხვდებით?! პირდაპირი მნიშვნელობით ანგრევს კობახიძე საქართველოს პარლამენტარიზმსა და პარლამენტს. თვითონ ხომ ამ სიტუაციაშია და ცდილობს, გუნდის წევრებიც გასვაროს. ყველა ხვდება, რომ თავის ტკივილია ეს ადამიანები. ირაკლი კობახიძე დღეს ქართული ოცნებისთვის არის თავის ტკივილი. მავნე ბავშვები რომ არიან, მავნებლურად რომ იქცევიან, ამ პოზიციაშია ირაკლი კობახიძე,“ - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ,რომ ბესელია და კვაჭანტირაძე რადგან უმრავლესობის წევრები აღარ არიან, მმართველი პარტიის კვოტა დელეგაციაში ქართული ოცნების დეპუტატებით უნდა ჩანაცვლდეს.  

მმართველი პარტიის ყოფილი წევრები კი აცხადებენ, რომ დელეგაციიდან მათი სახელებისა და გვარების ამოღება იანვრამდე შეუძლებელი იქნება.

ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს,რომ ის არ არის „დახარბებული სტრასბურგში სიარულს“ თუმცა, რეალობა ის არის,რომ მათ დელეგაციას წლის ბოლომდე ვერ დაატოვებინებენ.

ეკა ბესელია კი ირაკლი კობახიძის საქციელს პატარა ბავშვის ქმედებას ადარებს. ბესელია ამბობს, რომ „ასეთი რამეებით პატარა ასაკში არიან დაკავებული ბავშვები, მერე მშობლები უხსნიან, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება“.

ბესელია ამბობს,რომ კობახიძე ასეთი სადამსჯელო ღონისძიებებით ქვეყანასა და პარლამენტს ჩრდილს აყენებს. 

დღის ამბები