06 მაისი 2024,   11:21
ვრცლად
"6 ადამიანი ვარჩინო თუ მთავრობა? შეგვეშვან ამ გაჭირვებულ ხალხს, რატომ მიძვრებიან ჯიბეში" - ტაქსის მძღოლებმა კახა კალაძეს ულტიმატუმი წაუყენეს

ტაქსის მძღოლების ულტიმატუმი კახა კალაძეს - თუ კონკრეტულ ვადაში დედაქალაქის მერი ახალ რეგულაციების გადავადებასთან დაკავშირებით მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მძღოლები პერმანენტული მჯდომიარე აქციებით იმუქრებიან.

დღეს ტაქსის მძღოლებმა მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. მათ დიღმიდან ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს. ავტოკოლონას ივანიშვილის რეზიდენციასთან პოლიციის მრავალრიცხოვანი კორდონი და ევაკუატორები დაახვედრეს. აქციის მონაწილეები რეგულაციების 2 წლით გადაწევას ითხოვენ.

გადაავადონ და დაგვაცადონ ის ორი წელი. ჯიბეში რატომ მიხტებიან. ბიზნეს ცენტრები აქვთ აშენებული, ბიზნესები აქვთ, წილები აქვთ და გაჭირვებულ ხალხს არ უყურებენ ესენი. ბიძინამ აირიდა, ჩააბარა პოლიტიკა. გინდათ პოლიტიკაში მოსვლა? ხო ჩააბარა?! რას აკეთებენ? ხალხს ჯიბეში გვიხტებიან. დღეს „გაგვაკრასკინეს“, ხვალ „სოჩიკს“ ჩაგვიყენებენ მანქანაში და საფინანსოს შეტანას მოგვთხოვენ. რითი ვიცხოვროთ, რითი ვიარსებოთ ? ერთმა ადამიანმა რამდენი გავაკეთო. 6 ადამიანი ვარჩინო თუ მთავრობას შევუტანო ფული? შეგვეშვან ამ გაჭირვებულ ხალხს,“-განაცხადა აქციის  ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამ დროისთვის ტაქსის მძღოლების გამაფრთხილებელი აქცია დასრულებულია. ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეები აღარ არიან. მათ დღეს სოლიდარობა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გამოუცხადა. შალვა ნათელაშვილმა კახა კალაძეს მოუწოდა დაიწყოს დიალოგი მძღოლებთან.

„ივანიშვილმა მე ვფიქრობ დღეს ნახა თავისი ხვალინდელი დღე. თუ არ წაიღო ეს გადაწყვეტილება უკან ტაქსების გადაღებაზე, ის გადაიღებება იმ დონეზე, რომ არავითარი არაგვი არ გარეცხავს მთელი თავისი მთავრობიანად. ამიტომ ჩვენ მივცემთ მას ულტიმატუმს დღეს, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში მივიღებთ გადაწყვეტილებას პარლამენტის წინ უვადო  მდგომარე პერმანენტული აქციის დაწყებაზე და დავუძახებთ მთელს საქართველოს პარლამენტთან და მერე დაგვიდგნენ წინ,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები