02 მაისი 2024,   03:02
ვრცლად
პოეტი თუ პროზაიკოსი - ბათუმის საკრებულოში ხელჩართული ჩხუბი ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის განხილვას მოჰყვა

ტერენტი გრანელის შემოქმედება ბათუმის საკრებულოში ხელჩართული ჩხუბის მიზეზი გახდა. მმართველი პარტიის და ოპოზიციის წევრები ფიზიკურად ერთმანეთს იმის გარკვევისას დაუპირისპირდნენ, პოეტი იყო თუ პროზაიკოსი სახელგანთქმული ქართველი პოეტი.

ჩხუბი ბათუმის საკრებულოში დღეს ოპოზიციის მოთხოვნის გამო დაიწყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ხელისუფლებას იმ ადამიანების გვარების დასახელება მოსთხოვა, ვინც ბათუმის მერიის დაფუძნებულ სხვადასხვა კომპანიაში მუშაობს.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ სსიპ-ებსა და აიპი-ებში „ოცნებამ“ პარტიული აქტივისტები დაასაქმა და პოლიტიკური ერთგულების გამო ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდის. ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, მერია ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს.

ბათუმის საკრებულოში დღეს ჩხუბის დღე იყო. პოლიტიკურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება მალევე შემოქმედებით დისკუსიაში გადაიზარდა.

განათლების კომისიის თავმჯდომარემ ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია, ოპოზიცია კი დაინტერესდა ეს ტექნიკური შეცდომა იყო თუ უმრავლესობა ტერენტი გრანელს პროზაიკოსად იცნობს.

​​სახელისუფლებო გუნდის წევრები შეკითხვამ გააღიზიანა და ოპოზიციას ჯერ სიტყვიერად, მერე კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. „ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციას პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

საკრებულოს დარბაზში დაპირისპირებისას როინ ზოიძემ დაზიანება თავის არეში მიიღო. დეპუტატს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

დღეს სამართალდამცავები ბათუმის საკრებულოში მთელი დღის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები