02 მაისი 2024,   03:08
ვრცლად
შეტევა თავისუფალ მედიაზე - აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 2 წევრი დირექტორის გადადგომას მოითხოვს

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი დირექტორის გადადგომას მოითხოვს. გიგა ჩხარტიშვილისა და ირაკლი დარცმელიძის მტკიცებით, ნათია კაპანაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოლშევიკური პრინციპებით მართავს.

პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა, არასწორი სახელფასო პოლიტიკა და მრჩეველთა საბჭოს უპატივცემულობა - გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე იმპიჩმენტის მიზეზებზე 15 გვერდიან წერილში წერენ. ირწმუნებიან, რომ მათი გეგმის უკან პოლიტიკური მოტივები არ დგას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, ნათია კაპანაძეს იმედი აქვს, რომ პროცესი მედიასაშუალებას არ დააზარალებს.

მრჩეველთა საბჭოს წევრები, რომლებიც არხის დირექტორის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, ორი კონკურენტი პოლიტიკური პარტიის კვოტით არიან დანიშნულები. გიგა ჩხარტიშვილი ”ქართული ოცნების,” ირაკლი დარცმელიძე კი ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ.

ოპოზიციური პარტია დღეს მის მიერ წარდგენილ წევრს გაემიჯნა და გამოაცხადა, რომ ის მმართველმა გუნდმა გადაიბირა. პოლიტიკური ოპონენტები აჭარის ტელევიზიაში დაწყებულ პროცესებს მედიის დამორჩილების მორიგ მცდელობად აფასებენ.

მრჩეველთა საბჭოს ორ წევრს დირექტორის გადასაყენებლად 5-წევრიანი საბჭოს კიდევ ერთი წევრის მხარდაჭერა სჭირდება. ჯერ უცნობია, შეუერთდებიან თუ არა დირექტორის წინააღმდეგ პროტესტს სხვა მრჩევლებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია აფრთხილებს. მესამე სექტორი დირექტორის იმპიჩმენტს ერთობლივი კრიტიკული განცხადებით ეხმაურება და საბჭოს მოუწოდებს, კარგად გაიაზროს ის ზიანი, რაც ამ პროცესებით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას მიადგება.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები