02 მაისი 2024,   01:01
ვრცლად
ყაზბეგში ტურისტული გზის მშენებლობა ადგილობრივების კერძო მიწის ნაკვეთებზე ხელისუფლებამ მათი ნებართვის გარეშე დაიწყო

ყაზბეგში ტურისტული გზის მშენებლობა ადგილობრივების კერძო მიწის ნაკვეთებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მათი ნებართვის გარეშე დაიწყო.  

სნო-ჯუთა-როშკის დამაკავშირებელი ტურისტული გზის პროექტირება დასრულდა, თუმცა, მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება ვერ შედგა. კომპენსაციის სახით, სნოელებს კვადრატულ მეტრში 10 ლარი შესთავაზეს.

ადგილობრივებისთვის, ვისთვისაც მიწა შემოსავლის ძირითადი წყაროა, ეს თანხა მიზერულია. უარის მიუხედავად, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამუშაოები მაინც დაიწყო.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში გზა 29 ნაკვეთზე გავა. მოსახლეობა ითხოვს, მათი მიწები საბაზრო ფასის მიხედვით შეაფასონ და კომპენსაცია ისე გადაუხადონ.

მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად სოფელ სნოში დღეს ყაზბეგის მერი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეთანხმება ვერ შედგა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, მოსახლეობას რატომ ჩამოაჭრეს ტერიტორიები დაუკითხავად.

გზის მშენებლობა ერთ წელში უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით, ტურისტული მაგისტრალი სნოსა და პირაქეთა ხევსურეთს დააკავშირებს, ჯამში, 200-კილომეტრიანი მარშრუტი ჭიუხებზე სამანქანო გზის გაჭრასაც ითვალისწინებს და 140 მილიონი ლარი ჯდება.

მხოლოდ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ხელისუფლების ამბიციური პროექტი 4 სოფელის მოსახლეობის მიწებზე გაივლის. შეთავაზებულ 10 ლარზე ადგილობრივები უარს ამბობენ, მიუხედავად ამისა, კერძო საკუთრებაში მეპატრონეების გვერდის ავლით, გზა მაინც გაყავთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები