26 აპრილი 2024,   16:56
ვრცლად
ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს მუჭებით ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება - ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი

"ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ჩანთაში იყო ნახევარი გრამი კოკაინი და ორი ნატეხი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი. ამ ყველაფერს სამართლის ენაზე ჰქვია დიდი ოდენობა,“- ეს განცხადება ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული მსახიობისა და ბიზნესმენის ადვოკატმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

ამირან გიგუაშვილის თქმით, აქამდე ნარკოტიკული საშუალების ოდენობას დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე არ ასაჯაროებდა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალის ფორმულირების მიხედვით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ნარკოტიკულ საშუალება პირადი მოხმარების მიზნით შეიძინა და ინახავდა.

მისი თქმით, ორი დღეა, ლევან ჯიბღაშვილის მისამართით პოლიტიკური სპეკულაცია მიმდინარეობს.

"დაცვის სტრატეგიიდან მიგვაჩნდა, რომ ამ საკითხის გასაჯაროება არ იყო მიზანშეწონილი, მაგრამ ვინაიდან ეს არის საზოგადოებრივად მაღალი ინტერესის საგანი და სხვადასხვა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ჩანთაში იყო ნახევარი გრამი კოკაინი და ორი ნატეხი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი. ამ ყველაფერს სამართლის ენაზე ჰქვია დიდი ოდენობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მუჭებით ჰქონდა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება. როდესაც ბრალი ფორმულირებულია, რომ შეძენა-შენახვას ედავება, იგულისხმება, რომ პირადი მოხმარების მიზნისთვის შეიძინა და ინახავდა აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას,“ - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები