02 მაისი 2024,   21:05
ვრცლად
დავით გარეჯი შესაძლოა ისევ ჩაიკეტოს - სამოქალაქო აქტივისტები უნიკალური ქართული ძეგლების დასაცავად ემზადებიან

დავით გარეჯში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სამონასტრო კომპლექსის მთლიანობის დაცვას სამოქალაქო აქტივისტები გეგმავენ.  

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” დამფუძნებლის, დავით ქაცარავას განცხადებით, თუ გამართლდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული მხარე 5 მაისის შემდეგ შეეცდება საქართველო მოქალაქეებს აუკრძალოს გადაადგილება უდაბნოს მონასტრის მიმართულებით, სამოქალაქო აქტივისტები ჩავლენ დავით გარეჯში და ამ გეგმის განხორციელებაში აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ხელს შეუშლიან.

„იმ შემთხვევაში თუ 5 მაისს, როგორც ცნობები მოდის, ჩაიკეტება დავით გარეჯში ის ბილიკი, რომლის გამოც ეს აჟიოტაჟი არის ატეხილი, ბუნებრივია ჩვენ, „ძალა ერთობაშია“ ვგეგმავთ ჩასვლას და დადგომას იქ, სადაც ვფიქრობ, რომ მთელი ქვეყანა უნდა იდგეს. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას. ჯერჯერობით, არანაირი უარყოფა ამ ინფორმაციის არ გვინახავს არსად, არც აზერბაიჯანული მხრიდან და არც ჩვენი ხელ8ისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა ქაცარავამ.

დავით ქაცარავა ხელისუფლებას არსებული ვითარების გამოსასწორებლად და პრობლემის მოსაგვარებლად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. 

„ვსვამ ერთ კითხვას - თუ წაიღეს და დაკეტეს დავით გარეჯის ეს ნაწილი, რომელზეც ახლა მიმდინარეობს დავა, რა გავაკეთოთ ჩვენ? დიპლომატიურად გავატანოთ და მერე ვიაროთ და ვეხვეწოთ, რომ არიქა, დაგვიბრუნე? მე მგონი, არა. მე მგონი, აზერბაიჯანმაც უნდა გააცნობიეროს თავისი არასწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენ პარტნიორები ვართ, მეგობრები ვართ, უნდა გააცნობიეროს და მიიღოს ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება, რომ დათმოს თავისი პოზიციები,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. მესაზღვრეები აანონსებენ, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტება.

კურიერთან“ საუბრისას აზერბაიჯანელ მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, მომდევნო კვირიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ.

შეზღუდვების დაწესების მიზეზზე "კურიერთან" საუბრისას კი მესაზღვრე ყურადღებას ამახვილებს სალომე ზურაბიშვილის დავით გარეჯში ვიზიტზე, რომელიც 20 აპრილს შედგა.

დღის ამბები