13 მაისი 2024,   16:58
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი - ლილიან მორი პასკიე ქართველ კანონმდებლებს სიტყვით მიმართავს 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ლილიან მორი პასკიე დღეს საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერს შეხვდება.

ის ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაშიც, რომელიც პარლამენტში გაიმართება. სტუმრებს მიესალმებიან ასევე პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. დელეგაცია თბილისს დღეს დატოვებს.

ასამბლეის პრეზიდენტი ღონისძიების მონაწილეებს სიტყვითაც მიმართავს. გუშინ ასამბლეის პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს. „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია  ლილიან მორი პასკიეს მხარდაჭერაზე საუბრობს და ამბობს, რომ მოწვევა პირადად პრეზიდენტისგან მიიღო.

„მე ვარ განსაკუთრებით მადლიერი და სხვათა შორის მისი მიწვევა მივიღე და დაასწრო მისმა მიწვევამ ქართული მხარის მოწვევას, ესეც ნიშანდობლივი იყო. მისი მოწვევით მოვედი. მერე ჩვენმა პროტოკოლის სამსახურმაც დამიდასტურა, მაგრამ პირველი მივიღე პრეზიდენტის პერსონალური ოფისიდან მოწვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმაა იმ მხარდაჭერის, რაც იმ წერილში მივიღე მეც და ზვიად კვაჭანტირაძემაც მივიღეთ, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტმა გამოგვიგზავნა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას განცხადებებს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უპასუხა. თამარ ჩუგოშვილის თქმით, ვახშამზე სტუმრები პირადად მისი გადაწყვეტილებით დაპატიჟეს.

დღის ამბები