06 მაისი 2024,   12:11
ვრცლად
საქართველოს ენერგო ოკუპაციის მცდელობა - დავით ბაქრაძე "როსნეფტის" მიერ "ვისოლის" შესყიდვაზე საუბრობს 

ჰიბრიდული ომის გაგრძელება და საქართველოს ენერგო ოკუპაციის მცდელობა - ასე აფასებენ პოლიტიკოსები გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „როსნეფტი“ საქართველოში ყიდულობს ბენზინგასამართი სადგურების ყველაზე დიდ ქსელს, ვისოლს.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, ამ გარიგების შემთხვევაში, კრემლის ერთ-ერთი ფავორიტი კომპანია საქართველოში საწვავის ბაზრის მონოპოლისტი გახდება, ხოლო პუტინის გარემოცვა ხელში ჩაიგდებს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ბერკეტებს.

გარდა ამისა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, აღნიშნული კომპანია არღვევს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს, რადგან „როსნეფტი“ აფხაზეთში უკვე ღიად ოპერირებს.

„თავისთავად ინვესტიცია პრობლემა არ არის, პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ინვესტიცია გადაიზრდება მონოპოლიაში და ჩვენ კარგად ვიცით, რომ მონოპოლიას რუსეთი ყოველთვის იყენებს პოლიტიკური ზეწოლის ამოცანებისთვის. იმ პირობებში, როდესაც ქართულ ბაზარზე უკვე მოქმედებს ლუკოილი, უკვე მოქმედებს „გალფი“, როსნეფტის მიერ „ვისოლის“ ყიდვა შექმნის რუსულ მონოპოლიას ქართულ საწვავის ბაზარზე, რასაც რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. ამიტომ, აქ არ ვსაუბრობთ ინვესტიციაზე, აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთს ეძლევა მონოპოლია ქართულ ბაზარზე და რუსული მონოპოლია ვიცით, რომ ყოველთვის არის ხიფათის შემცველი. გარდა ამისა, როსნეფტი არის კომპანია, რომელიც ღიად ოპერირებს ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც ღიად არღვევს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონს და ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და ეროვნული ღირსების საკითხი, რომ ასეთ კომპანიებს არ ჰქონდეთ საქართველოში ოპერირების და შესყიდვების გაკეთების შესაძლებლობა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები