10 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
"არ მგონია ღირდეს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად" - მმართველი გუნდი ოპოზიციას მაჩალიკაშვილის საქმით მანიპულირებაში ადანაშაულებს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდირების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს მმართველი გუნდი.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე დარწმუნებულია,რომ ეს საქმე გამოუძიებელი არ დარჩება.

რაც შეეხება მაჩალიკაშვილის განცხადებას,რომ მას სოციალურ ქსელში აწვდიან იმ სპეცრაზმელის სახელსა და გვარს, ვინც სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოახდინა , ზოიძე ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სანდო არ არის და მას შეიძლება ნებისმიერი დაინტერესებული პირი ავრცელებდეს.

„ხელოვნურ პროვოცირებას ჰგავს ეს პროცესი. ვისი მხრიდან ვერ გეტყვით, მაგრამ ბევრი ადამიანია დაინტერესებული გამწარებული ადამიანის კიდევ უფრო გამწარებით,“-ამბობს ზოიძე.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე არ გამორიცხავს,რომ ოპოზიცია ამ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მანიპულირებს და ქულების ჩაწერას ცდილობს. 

კილაძე ამბობს, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს მიმდინარე საქმეზე დეტალურად ისაუბრა და მაშინ მწვავე კითხვები ოპოზიციას არ ჰქონია. 

"ჩემი შეფასებით მათთვისაც გასაგები იყო ბევრი რამ. თუ ამ ყველაფერს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოიყენებენ ეს იქნება ძალიან სამწუხაროდ, რადგან მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტრაგედიებით მანიპულირება არ მგონია ღირდეს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, დიახ ოპოზიციას ვგულისხმობ,"-აცხადებს კილაძე. 

დღის ამბები