10 მაისი 2024,   05:03
ვრცლად
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა ჩაიშალა - დეპუტატებს შორის უთანხმოება გიორგი ქობულიას სხდომაზე დაბარების მოთხოვნას მოჰყვა

დარგობრივი კომიტეტის სხდომა, სადაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას დაბარების საკითხი უნდა გადაეწყვიტათ, რომან კაკულიას მოთხოვნით გადაიდო.

სხდომაზე კვორუმი, დამოუკიდებელი დეპუტატების და ოპოზიციის წევრების დასწრების ხარჯზე შეიკრიბა, თუმცა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა გადადო.

"ევროპული საქართველოს" წევრმა, დავით ბაქრაძემ რომან კაკულიას გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

„კომიტეტის კვორუმი გვაქვს, კომიტეტი უფლებამოსილია იმუშაოს და თქვენ ახლა განგვიცხადეთ, რომ კომიტეტის მუშაობას აზრი მარტო მაშინ აქვს, როცა უმრავლესობა იქნება უმრავლესობაში და კენჭისყრას მოიგებს ისე, როგორც მას უნდა. უკაცრავად, ამას ვერ მივიღებთ ვერანაირად,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

მანამდე კი უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ლევან კობერიძემ დღის წესრიგში სწორედ ქობულიას პარლამენტში დაბარების საკითხი დააყენა, რასაც მხარი კომიტეტზე დამსწრე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.

ლევან კობერიძის თქმით, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა საყურადღებო განცხადებები გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას გარკვეული ტიპის დაბრკოლებები აფერხებს. ქობულიას პარლამენტში დაბარების წინააღმდეგი იყო კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, რომელმაც სხდომა პროტესტის ნიშნად თავადვე დატოვა.

კაკულიამ კომიტეტის გადადების მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ ესწრებოდნენ. თუმცა, რეგლამენტი ასეთ მიზეზს არ ცნობს, შესაბამისად, კომიტეტი უფლებამოსილი იყო, რომ მუშაობა გაეგრძელებინა.

„ჩემი პოზიცია გახლავთ, რომ მე ვთვლი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ამ კონკრეტულ საკითხზე კენჭისყრას, მაშინ, როდესაც უმრავლესობა იქნება წარმოდგენილი კომიტეტზე. ახლა, თქვენ გინდათ გააპროტესტეთ ეს ჩემი გადაწყევტილება, როგორც გინდათ ისე მოიქეცით... კომიტეტის სხდომა გადადებულია,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები